14 წლის აუტისტ ლუკას, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მხოლოდ იმიტომ გადაიყვანეს, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სერვისები არ აქვს, პერსონალურ დამხმარეებს გამოუყოფენ. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) საჩივრის შემდეგ მიიღო.

დროებითი განჩინების საფუძველზე, მთავრობას დაევალა, ლუკას ორი პერსონალური დამხმარე გამოუყოს. დამხმარეები, რომელთა მომსახურებაც თერაპიასაც ითვალისწინებს, 12 საათის განმავლობაში იქნებიან მოზარდთან.

როგორც PHR-ის ხელმძღვანელმა და ლუკას ადვოკატმა, ანა აბაშიძემ On.ge-ს უთხრა, ლუკა აუტისტია გამომწვევი ქცევით, რომელსაც ყურადღება და განსაკუთრებული სერვისი სჭირდება, რასაც სახელმწიფო ვერ სთავაზობს. სწორედ ამიტომ, პერიოდულად, როცა მოზარდის ქცევა უმართავი ხდებოდა და დედა ვერ უმკლავდებოდა, სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვდა. სახელმწიფომ კი ასეთი "გამოსავალი" იპოვა — ბავშვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა.

მორიგი შემთხვევა, როცა ლუკა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, 28 აგვისტოს იყო. როგორც ანა აბაშიძე ამბობს, მას სპეციალური თერაპიული სერვისი სჭირდება და არა დიდი ზომის ინსტიტუციაში გამოკეტვა. PHR-ის დახმარებით ლუკას დედამ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომლითაც მსგავსი საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის შესაბამის სერვისს ითხოვდა.

"როგორც კი ყველა მხარეს დასკვნა ჩაბარდება, სახელმწიფო ვალდებულია, ლუკას ორი პერსონალური დამხმარე გამოუყოს, დღეში 12 საათით, მანამ, სანამ არ შექმნის ლუკასთვის და მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის საჭირო სერვისს", — განმარტა ანა აბაშიძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ლუკა უახლოეს პერიოდში ფსიქიატრიული საავადმყოფოს დატოვებს და ოჯახში დაბრუნდება.

"ლუკას მდგომარეობა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სტრუქტურული დისკრიმინაციის მაგალითს სახელმწიფოს მხრიდან. ვინაიდან ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისების არქონა ლუკას არა მხოლოდ უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით და UN CRPD-ით გარანტირებულ უფლებებს, არამედ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას, იწვევს მის იძულებით ინსტიტუციონალიზაციას და წარმოადგენს ბავშვის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას", — აცხადებენ PHR-ში.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ეს არის დღემდე უპრეცედენტო შემთხვევა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, სიცოცხლის, უსაფრთხოების და თანასწორობის უფლების, თემში ცხოვრების შესაძლებლობის დაცვის მაგალითი. ორგანიზაციის განცხადებით, გააგრძელებენ სასამართლოს გზით ლუკას უფლებების დაცვას და ბრძოლას ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისის შესაქმნელად.