საშა ბარონ კოენის 2006 წელს გამოსული ცნობილი კომედიის მეორე ნაწილის ტრეილერი სულ ახლახანს გამოქვეყნდა და ის ცნობილი "ყაზახი ჟურნალისტის" ახალ გიჟურ თავგადასავალში გვეპატიჟება.

ბორატი: პორნომაიმუნის საჩუქარი ვიცე-პრეზიდენტ მიხაელ პენსს ყაზახეთის ახლახან დასუსტებული ერის სასარგებლოდ — ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელიც კვლავ ბორატ საგდიევის ამერიკული ვოიაჟის შესახებ მოგვითხრობს და საშა ბარონ კოენის თავაშვებული იუმორით ამერიკაში ამჟამად არსებულ ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორებიცაა კორონავირუსის პანდემია და საპრეზიდენტო არჩევნები

საშა ბარონ კოენმა გამოგონილი პერსონაჟი, ყაზახი ურნალისტი ბორატ საგდიევი პირველად 2006 წლის ფილმში ბორატი — ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ განასახიერა, რომელიც საოცრად წარმატებული კომედიური პროექტი აღმოჩნდა: $18-მილიონიანი ბიუჯეტით $262 მილიონის შემოსავლებს მიაღწია.

პირველ ფილმში მისი პერსონაჟი ყაზახეთიდან ამერიკაში გაემგზავრა, რათა თავისი სამშობლოსთვის ამ ქვეყნის შესახებ დოკუმენტური კინო გადაეღო: ადგილობრივებთან სხვადასხვა თემაზე ინტერვიუებს ატარებდა.

როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, ამჯერად მას იმავეს გაკეთება ცოტა გაუჭირდება, რადგან ბორატ საგდიევმა იცის, რომ მან სახელი ამერიკაშიც გაითქვა და ყველა სცნობს მას. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ფილმის მეორე ნაწილში აქცენტი კორონავირუსის პანდემიაზე იქნება, ამავდროულად კი დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის მეგობრობასაც შეეხება. ეს უკანასკნელი ცნობილი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც ათეულობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექს-ტრეფიკინგში მონაწილეობის ბრალდებით გაასამართლეს.

ფილმის პრემიერა სტრიმინგ სერვისზე Amazon Prime ოცდასამ ოქტომბერს შედგება და მაყურებელსაც საშა ბარონ კოენის ამ ახალი სატირული სანახაობის ხილვა მაშინ შეეძლება.