აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში გადაიყვანეს. იგი უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში ვერტმფრენით გაფრინდა.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეილი მაკინანი ამბობს, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს, მსუბუქი სიმპტომები აქვს და მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა.

"სიფრთხილის გამო და ექიმებისა და მედიცინის ექსპერტების რჩევით პრეზიდენტი მომდევნო რამდენიმე დღე მუშაობას ჰოსპიტალის საპრეზიდენტო ოფისიდან გააგრძელებს", — განაცხადა პრესსპიკერმა.

2 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ. მანამდე ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდა დონალდ ტრამპის მრჩეველს, 31 წლის ჰოუპ ჰიკს. იგი ოჰაიოში 29 სექტემბერს საპრეზიდენტო დებატებზე პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრა. მრჩევლის ინფიცირების შემდეგ პრეზიდენტი და პირველი ლედი კარანტინში გადავიდნენ და ტესტის პასუხებს ელოდნენ.

COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ტრამპს ხშირად ადანაშაულებენ იმის გამო, რომ მან შესაბამისი ზომები არ მიიღო, რასაც არაერთი სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, პრეზიდენტს აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ არ იცავდა სოციალურ დისტანციას და არ ატარებდა პირბადეს.

ტესტის დადებით პასუხამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპმა მინესოტაში მიტინგი გამართა და ამომრჩეველს შეხვდა. როგორც სხვა ღონისძიებებზე, აქაც მას პირბადე არ ეკეთა.