საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში მშვიდობა ევროკავშირის ინტერესშია და მან უნდა გამოიყენოს თავისი ძალები ყარაბაღში სიტუაციის დეესკალაციისთვის. ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა.

"მინდა მივმართო ევროკავშირს. ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები ვართ. თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენი სტაბილურობა და რეგიონში მშვიდობა ასევე, ევროკავშირის ინტერესშია. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები მშვიდობისა და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. ეს ჩვენი, სამივე ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების საერთო მიზანია", — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მან ასევე მიმართა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს და დიალოგის სწრაფად აღდგენის, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"ეს ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი და საერთო ინტერესია, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მსოფლიოსათვის უზარმაზარი ეკონომიკური როლი. ეს ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ", — აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა იყოს ის ქვეყანა, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს მოლაპარაკებები.

"ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც მხარეებისთვის სასურველი იქნება", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, ქართული საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კონფლიქტს მოჰყვა.