თბილისის მერის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილის ქალაქს იპოდრომს "სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს".

"დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ქართუ მუნიციპალიტეტს, ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე ქართუს დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება", — განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტი თითქმის დასრულებულია და მასზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს. კახა კალაძემ ასევე თქვა, რომ პროექტის დეტალური პრეზენტაცია ხვალ, 6 ოქტომბერს გაიმართება და ცნობილი გახდება, მათ შორის, მშენებლობის დაწყების თარიღი.

"დღევანდელი დღე თითოეული თბილისელისთვის, თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელმაც იცის იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებული ისტორია და პირადად ჩემთვის, ნამდვილად განსაკუთრებულია. იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ ქართუსა და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელმაც აღნიშნული სივრცე გამოისყიდა, დღეს კი სრულიად უსასყიდლოდ ქართველ ხალხს, თბილისსა და თბილისელებს გადასცემს", — განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პარკი იქცევა თბილისელებისთვის საყვარელ ადგილად, ასევე, იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც "ყველა, აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს".

ამასთან, პრესკონფერენციის დროს კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პირადად ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ფონდი ქართუს თავმჯდომარე, ნიკო ჩხეტიანიც. მისი თქმით, ფონდი ქართუ იღებს ვალდებულებას, თბილისის ცენტრალური პარკი, "ახალი, მულტიფუნქიური სარეკრეაციო ზონა", უახლოეს პერიოდში მოაწყოს.

პრესკონფერენციის შემდეგ ჩხეტიანმა და კალაძემ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.