ქალთა მოძრაობა რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართავს, რათა განიხილოს ამავე ტელეარხის პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ მოსამართლე ნათია გუჯაბიძისადმი ნათქვამი შეურაცხმყოფელი გამონათქვამი.

როგორც საჩივარშია აღნიშნული, 2016 წლის 11 ივნისს, 21:12 საათზე, შაბათის კურიერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა რუსთავის 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გამოიყენა ასეთი ფორმულირება: „ცუდია, რომ ნიკა გვარამია არ აჰყვა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა. არამგონია მანტიის ქვეშ რამე დიდად საინტერესო დაგვხვედროდა, მაგრამ მაინც... "

ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ მათ ძალიან კარგად ესმით რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის გარემოებები, მოსამართლეთა კრიტიკის აუცილებლობა, თუმცა, დაუშვებლად მიაჩნიათ ისეთი შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება, როგორიც გამოიყენა გიორგი გაბუნიამ:

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაკეთებული ეს შეფასება სექსისტური და გენდერის ნიშით შეურაცხმყოფელია, რადგან გიორგი გაბუნიამ განზრახ თუ გაუფრთხილებლად, სექსუალურ ობიექტად წარმოაჩინა მოსამართლე ნათია გუჯაბიძე. ხოლო, „მანტიის გახდის“ (რაც მოსამართლის პროფესიული უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს) ისეთი ინტერპრეტაცია გააკეთა, რომ მაყურებელს აქცენტი გადაატანინა მოსამართლის სხეულზე და მისი სხეულის შესაძლო არასრულყოფილებაზე. წამყვანის ეს შეფასება კვებავს და ამყარებს ჩვენს ისედაც უკიდურესად პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ იმ სტერეოტიპებს, რომელთა თანახმადაც ქალის განათლება, კარიერა და საქმიანობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით უწყინარი და შეუმჩნეველი სექსიზმი აქცევს ქალს მეორეხარისხოვან არსებად. სექსიზმის საკითხის გასარკვევად შემდეგი კითხვის დასმა იქნებოდა მარტივი გამოსავალი: მოსამართლე ნათია გუჯაბიძე მამაკაცი რომ ყოფილიყო, გააკეთებდა თუ არა გიორგი გაბუნია იგივე განცხადებას? ამ კითხვაზე მიღებული უარყოფითი პასუხი არის იმის დასტური, რომ გიორგი გაბუნიას ეს განცხადება სწორედ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის სქესით იყო განპირობებული".

ქალთა მოძრაობის მოსაზრებით, გიორგი გაბუნიამ დაარღვია არამხოლოდ პროფესიული ნორმები, არამედ მაუწყებელთა ქცევის კოდექსიც. საჩივარზე ხელმოწერა ნებისმიერ პირს შეუძლია.