ბელარუსში, მინსკში მიმდინარე საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით აქციებზე დაკავებულია 96 ადამიანი.

TUT.BY ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულ ჟურნალისტებზეც. მათი თქმით, მედიის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია საგამოძიებო უწყებაში ჰყავთ გადაყვანილი.

ამავე გამოცემის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების სიმბოლური დროშა მათი ავტობუსის კიბეებზე დააფინეს.

გუშინ, 10 ოქტომბერს, ალექსანდრ ლუკაშენკო თავის მიერვე დაკავებული ოპოზიციის ლიდერებს იზოლატორში შეხვდა.

"კონსტიტუციას ქუჩაში ვერ დაწერ "— ასე მიმართა მან საკოორდინაციო საბჭოსა და გაერთიანებული შტაბის წევრებს. საუბრის შინაარსი შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი შეთანხმების თანახმად, არ გაახმოვანეს.

პოლიტიკური დაძაბულობა ბელარუსში ისევ გერძელდება. 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოსახლეობა არ აღიარებს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაიაც არ ეთანხმება, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ.