ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ კოალიციურ მთავრობაში მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს. ამის შესახებ ის Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს, სადაც მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს.

"გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოებული წრის გარღვევას გულისხმობს. მთავარი ამოცანაა ოცნება 40%-ს ქვევით დარჩეს, ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს ნაცმოძრაობაზე მეტი და კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე. დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ენმ-შიც უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება", — აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი პატრიოტი ადამიანია, რომლებსაც ყელში აქვს ამოსული ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება და სააკაშვილის პერსონალური საკითხის გამო ივანიშვილს ხელისუფლებაში არავინ დატოვებს.

"ეს მიღწევადია, თუ არ მივიღებთ ივანიშვილის თამაშს, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა. ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა თავი, ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან პასუხს მიიღებენ", — აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, ივანიშვილისა და სააკაშვილის ადგილი "მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან".

უგულავას განცხადებითვე, ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებების პროცესში გამოჩნდა ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ენმ-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, "გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები", რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და მერაბიშვილი, ადგილზე უზრუნველყოფდა ამას.

"ასეც მოხდა — ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა, ან მე ან ბიძინა, სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნებაო, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. ვინც არ მიიღო თამაშის ეს წესი, მტერი აღმოჩნდა — ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე ევროპული საქართველო, შემდეგ გირჩი", — აცხადებს უგულავა.

უგულავამ ამის შემდეგ პარალელი სამეფო თამაშებთან გაავლო და მიხეილ სააკაშვილი სერსეი ლანისტერს შეადარა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტმა "ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის".

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ასევე ლიდერი აცხადებს, რომ "ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული". მისივე თქმით, ღიად და გამჭვირვალედ უნდა ითქვას: "სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას".

"არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის, სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა", — აცხადებს ის.

უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, "მაგრამ ქვეყნის მომავალია მთავარი".