როცა ერთ მშვენიერ დღეს ცხოველთა მოყვარულსა და PETA-ის ბლოგერს, ჯენიფერ ო'კონორს, მისი კარის მეზობელი მიადგა სახლში ხელთათმანებით და ჰკითხა, შემთხვევით მისი საყვარელი პითონისთვის ხომ არ მოეკრა თვალი, ჯენიფერი გაოცდა. თითქოს ეს არ კმაროდა აღსაშფოთებლად, მეზობელმა სასხვათაშორისოდ დასძინა, რომ "რამდენიმე კვირით" ქალაქგარეთ იყო და ზუსტად არ იცოდა, გველს, სახელად ბრუნოს, როდის მოშივდა ისე, რომ გაქცევა გადაწყვიტა.

ჯენიფერმა სიმშვიდე დაკარგა და ცალი თვალი ბრუნოს პოვნამდე არ მოუხუჭავს. აი, ნაპოვნმა ბრუნომ კი ორივე თვალი სამუდამოდ დახუჭა და ჯენიფერის დაკარგული სიმშვიდე იპოვა. სამეზობლოს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბრუნოს პატრონმა მისი "შემცვლელის" ყიდვა გადაწყვიტა. სწორედ მეზობლების პროტესტმა იხსნა გველი, რომლის ყიდვაც უყურადღებო კაცს ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა ეს პრობლემა მხოლოდ ბრუნოსა და მის პატრონს არ ეხებათ — ჯენიფერის თქმით, არცერთი გონივრული მიზეზი არ არსებობს გველის საყიდლად, რის საპირწონედად უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, რატომ არ უნდა იყიდოთ გველი არასდროს.

1. ამაზრზენი ბიზნესია

ფოტო: Mohan Moolepetlu / Unsplash

მომშენებლები ცხოველებს ჯგუფურად ყიდიან, რეპტილიების უმეტესობა კი მათი ბუნებრივი ადგილსამყოფელიდან მიჰყავთ შემოსავლიანი ინდუსტრიისთვის, სადაც მგრძნობიარე ცხოველებს მანქანის ნაწილებივით ექცევიან. PETA-ის ერთ-ერთმა კვლევამ გამოააშკარავა, რომ კალიფორნიული რეპტილიებით მოვაჭრე ჯგუფი ცხოველებს იმდენად საშინლად და გულგრილად ეპყრობოდა, რომ "მომვლელები" მათ სიკვდილსაც კი ვერ ამჩნევდნენ. ყუთი, სადაც ქვეწარმავლები იმყოფებოდნენ, მატლდახვეული ხრწნადი მძორებით იყო სავსე.

2. გველებს განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ

ფოტო: pavan adepu / Unsplash

მიუხედავად იმისა, რომ მოგებაზე ორიენტირებული მოვაჭრეები რეპტილიების საჭიროებების უმეტესობას უგულებელყოფენ, გველებს სპეციალური განათებისა და კვების პირობებში ყოფნა სჭირდებათ. ისინი ადამიანებთან კონტაქტს ერიდებიან, ამდენად ხელში აყვანა და მოფერება არათუ მოსწონთ, არამედ სტრესულ გარემოს უქმნით და ხშირ შემთხვევაში ეს მათ დაზიანებასა და ავადმყოფობასაც კი იწვევს, ხოლო რადგან გველებს ტკივილის ხმით გამოხატვა არ შეუძლიათ, მათი ავადმყოფობაც შეუმჩნეველი რჩება.

3. გამუდმებული მკვლელობა

ფოტო: Ricky Kharawala / Unsplash

გველები კურდღლებით, თაგვებითა და სხვა მღრნელებით იკვევებიან, რომელთა ყიდვაც ვეტერინარულ მაღაზიაში მოგიწევთ, რათა შემდგომ თქვენს შინაურ ცხოველს ვახშმად მიართვათ და ამით სასტიკი ინდუსტრიაც დააფინანსოთ.

4. დატყვევება ბოროტებაა

ფოტო: Francesco De Tommaso / Unsplash

როცა რეპტილიებს ჯუნგლებში და ჭაობებში ყოფნის ნაცვლად ტყვეობაში ცხოვრება უხდებათ, მათი ბუნებრივად მეტად მახვილი გრძნობები ქვეითდება და შედეგად, სატუსაღოში არათუ მოძრაობასა და ცოცვას, ბოლომდე გაშლასაც კი ვერ ახერხებენ.

5. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი

ფოტო: Dean Scholten / Unsplash

დიდი ბრიტანეთის ბიოლოგიის სამეფო საზოგადოების კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის სახლში მცხოვრები გველების, ხვლიკების, ხმელეთისა და ზღვის კუების 75 პროცენტი ერთ წელიწადში იღუპება. მიჩნეულია, რომ სიკვდილის გამომწვევი მიზეზი მეტწილად სტრესია, რასაც ისინი ტყვეობაში განიცდიან.

ასევე ხშირია შემთხვევები, როცა მოშინაურებული რეპტილიები მალევე იქცევიან ზედმეტ ტვირთად და მათი პატრონები ბნელ სათავსოებსა და გარაჟებში უყურადღებოთ ტოვებენ. უარეს შემთხვევაში გადაგდებული ქვეწარმავალი ქუჩაში ხვდება, სადაც იგი სიკვდილისთვისაა განწირული — გადარჩენის შემთხვევაში კი თავად ხდება საფრთხე ადგილობრივი ეკოსისტემისათვის.