დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ღამით ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში და მის შემოგარენში გადაინაცვლა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ვთქვით, რომ პირბადეზე უკეთესი არაფერია, ამიტომ უნდა მივეჩვიოთ. შინ და გარეთ ყველამ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, არ შევიკრიბოთ. ბევრი მოწოდების მიუხედავად, ქეიფებმა 22 საათის შემდეგ გადაინაცვლა მცხეთაში და ირგვლივ... არ შეიძლება ამის კეთება, ძალიან გთხოვთ. ვეთამაშებით ცეცხლს", — განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათის შემდეგ აჭარაში, იმერეთსა და თბილისში რესტორნები და ბარები იხურება, ასევე იკრძალება ყველანაირი გასართობი ღონისძიება.