ცოტა ხნის წინ, Apple-მა ახალი iPhone-ები წარადგინა. მართალია, Apple-ის მომხმარებლისთვის ღონისძიების სხვა აქცენტები უფრო საყურადღებოა, თუმცა, ბუნების დამცველებისა და კლიმატის მეცნიერებისთვის, ამ პრეზენტაციის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი ახალი iPhone-ის შეფუთვას უკავშირდებოდა.

სიახლე ისაა, რომ iPhone 12 ყურსასმენებისა და დამტენის თავის გარეშე გაიყიდება. Apple-ში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ბუნების კონსერვაციას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ეხმარება. საინტერესოა როგორ.

პირველ ყოვლისა, სმარტფონის შემდეგ, შეფუთვაში ყველაზე დიდი ადგილი ადაპტერს უკავია (რასაც შტეფსელში აერთებთ), შემდეგ კი ყურსასმენებს. Apple-ში ამბობენ, რომ ამ ორი აქსესუარის მოცილებით, ბევრად მეტი iPhone-ის გადაზიდვა ხდება შესაძლებელი. კომპანიის მტკიცებით, ახლა უკვე სმარტფონების ერთი პარტიის დისტრიბუციისას, სატვირთო კონტეინერში 70%-ით მეტი iPhone დაეტევა.

თუ გემზე, ან სატვირთო მანქანაზე უფრო მეტი სმარტფონი დაეტევა, გამოდის, რომ ტრანსპორტის გამოყენება საგრძნობლად შემცირდება, რაც დამატებით იმას ნიშნავს, რომ საწვავიც დაიზოგება და სატრანსპორტო ემისიების კუთხითაც, პატარა წვლილი იქნება შეტანილი.

Apple-ის წარმომადგენელმა, ლიზა ჯეკსონმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ მსოფლიოში, დაახლოებით, 700 მილიონი Apple-ის ყურსასმენი და 2 მილიარდი ადაპტერი ცირკულირებს. ამას გარდა, უამრავი ადამიანი სხვა ფირმის სატენებითაც - USB შესაერთებლითაც სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ ახალ iPhone-ებს, ძირითადად, ამ სმარტფონის წინა რომელიმე მოდელის მფლობელები ყიდულობენ. შესაბამისად, უამრავ ადამიანს, რომელიც iPhone 12-ს იყიდის, საჭირო აქსესუარები (ყურსასმენები და ადაპტერი) უკვე აქვს. სწორედ ამის გამო, ხშირად ახალი სმარტფონის შეძენისას უამრავი მომხმარებელი ძველ ადაპტერს ან აგდებს, ან ახალს არ იყენებს.

ნახმარი, ხშირად ფუქნქციური ადაპტერების და ყურსასმენების გადაყრა, სერიოზული ეკოლოგიური პრობლემაა და E-დაბინძურებაში (ელექტრონული ხელსაწყოებით დაბინძურება) მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

Anker-ის აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ იენგის თქმით, 2019 წელს 1,5 მილიარდი სმარტფონი გაიყიდა. აქედან ადაპტერი და ყურსასმენი პრაქტიკულად ყველას მოყვებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სმარტფონების გარდა ტაბლეტები, ლეპტოპები და სხვა ელექტრონული მოწყობილობებიც იყიდება, რის შედეგადაც ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 ტონა ბოლომდე გამოუყენებელი, ნაგავში მოსროლილი ელექტრონული ხელსაწყოები გროვდება.

ადაპტერები, ყურსასმენები და დამტენები უბრალოდ ნაგავსაყრელზე ასრულებენ "ცხოვრებას", რადგან მათი გადამუშავება ხშირად შეუძლებელია, ან უბრალოდ არ ხდება. ამ მასშტაბის დაბინძურება კი, ბოლო წლების მანძილზე, მუდმივად იზრდება.

Apple-ის გადაწყვეტილება, რომ iPhone 12 ადაპტერის და ყურსასმენების გარეშე გაიყიდოს, ელექტრონული ხელსაწყოებითა დაბინძურებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის.

ევროკავშირი ბოლო დროა ახალი ინიციატივის გატარებას ცდილობს, რომელმაც შესაძლოა, ტექნოლოგიური გიგანტები უნივერსალური დამტენების გამოყენებაში დაავალდებულოს.

ახალი სმარტფონების უმრავლესობა USB-C პორტით არის აღჭურვილი და შესაბამისი სადენით იტენება. გამონაკლისი Apple-ია, რომელიც Iphone-ებში ისევ "Lightning" პორტს იყენებს. ეს მაინცდამაინც პრაქტიკული მიზნებით განპირობებული არაა, მიუხედავად იმისა, რომ Apple ევროკავშირის პოტენციურ რეგულაციას აქტიურად ეწინააღმდეგება.

2018 წლის შემდეგ ორი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც სმარტფონების ერთ უნივერსალურ სადენზე გადასვლა მომხმარებლებს, სარგებლის ნაცვლად, ზიანს მოუტანს. აქედან ერთი კვლევა პირდაპირ Apple-ის დაკვეთით ჩატარდა, ხოლო მეორე კი ტექნოლოგიური კომპანიების ასოციაციის მიერ იყო დაფინანსებული, რომლის ერთ-ერთი წევრიც Apple-ია.

Apple-ისთვის აქსესუარების ბაზარი მაინც მნიშვნელოვანია. Apple-ის მომხმარებლები, ხარისხის მიუხედავად, ძირითადად, ამ კომპანიის აქსესუარებს ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიის არაერთი მიმომხილველის თქმით, ბევრად უკეთესი ალტერნატივების ყიდვა უფრო იაფად შეიძლება.

საბოლოო ჯამში, Apple-ის ბოლო ინიციატივა არაფერს ნამდვილად სჯობს და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სამაგალითო ნაბიჯი უნდა იყოს სხვა ტექნოლოგიური გიგანტებისთვისაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, იქნება ეს Apple, Google თუ Microsoft, ყურადღების გამახვილება პროდუქციის ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე დაიწყეს. Apple, ახლო მომავალში, "ნახშირბად დამოუკიდებლობას" გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია თავის პროდუქციის წარმოებისა და დისტრიბუციისას ემისიების 0-მდე მიყვანას ცდილობს.