ზუგდიდში ბანკში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

რამდენი მძევალია დარჩენილი, ზუსტად უცნობია. დაახლოებით, ერთი საათის წინ ორი მძევალი გათავისუფლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ინტენსიურ მოლაპარაკებებეს აწარმოებენ.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. კადრების მიხედვით, შენობაში მყოფთაგან არავინაა დაჭრილი. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. თავდამსხმელის მიერ დაწესებული დრო ექვს საათზე ამოიწურა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. ეს მუხლები გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას.