პოლონეთში მოქალაქეებმა გააპროტესტეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქვეყანაში აბორტი თითქმის იკრძალება. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები ვიცე-პრემიერის სახლთან მოხდა.

საპროტესტო აქციები გაიმართა კრაკოვში, ლოძსა და შეცინში. ვარშავაში ასობით ადამიანმა სასამართლოდან ვიცე-პრემიერის, იაროსლავ კაჩინსკის სახლამდე მსვლელობა მოაწყო. პოლიციის ინფორმაციით, მომიტინგეების სახლის გარშემო კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და ქვებს ისროდნენ, რის გამოც გაზი და ფიზიკური ძალა გამოიყენეს. როგორც ცნობილია, დაკავებულია 15 ადამიანი.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნაყოფის განვითარების პათოლოგიების გამო — ფიზიკური ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურად ცნო. კანონი აბორტზე პოლონეთში ევროპის მასშტაბით ისედაც მკაცრი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება მის თითქმის სრულ აკრძალვას ნიშნავს. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, აბორტი მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში იქნება დაშვებული.

მკაცრი წესების გვერდით ავლისთვის ყოველწლიურად დაახლოებით ასი ათასი ქალი აბორტის გასაკეთებლად საზღვარგარეთ მიემგზავრება.

1993 წელს მიღებული კანონის გადახედვის შესახებ, რა დროსაც ნაყოფის განვითარების პათოლოგიების დროს აბორტი დაშვებული იყო, სასამართლოს გასულ წელს მმართველი პარტიიდან მიმართეს. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა მოქმედი ხელისუფლების მიერ იყო დანიშნული. მედიის თანახმად, თითქმის ყველა ლეგალური აბორტი პოლონეთში ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემის საფუძველზე სრულდება.

გამოკითხვების შედეგად პოლონელების უმრავლესობა კანონის გამკაცრების წინააღმდეგი იყო. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მთავრობის ინიციატივას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ.