დავიწყოთ ევროინტეგრაციის კონკრეტულ მექანიზმებზე საუბრით. თქვენი აზრით, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდგომ 4 წელიწადში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და გამარჯვების შემთხვევაში, ხომ არ გეგმავთ წევრობის აპლიკაციის მომზადებასაც?

რა თქმა უნდა, მე მომხრე ვარ წევრობის აპლიკაციის მომზადების. შეიძლება მომენტი შეარჩიო კონკრეტული, თუმცა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიტანო. რაც არ უნდა რთული იყოს ეს პროცესი, ევროკავშირის შიდა საკითხებიდან გამომდინარე, ქვეყნის ამბიცია და ქვეყნის მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს თავისთავად შექმნის პოლიტიკურ პროცესს.

გარდა ამისა, პარალელურად, ევროკავშირთან უნდა ვიმუშაოთ ყველა სხვა ინსტიტუტის გამოყენებაზე: სამუშაო ვიზების მიღებაზე, DCFTA-ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) თვალსაზრისითაც ბევრია გასაკეთებელი. პოლიტიკურ დღის წესრიგში უფრო ხშირად უნდა ვიყოთ, მათ შორის, კონფლიქტების საკითხზეც, რაც ახლა არ არის იმდენად აქტუალური. სანქციებზე უნდა ვიმუშაოთ რუსეთთან მიმართებაში და არ ვგულისხმობ ზოგადად ოკუპაციის სანქციებს, არამედ ყველა იმ კონკრეტულ ჰუმანიტარულ საკითხზე, როგორიცაა გატაცებები, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ა.შ.

რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას თუ განიხილავთ განსაკუთრებულ მხარდამჭერად?

რა თქმა უნდა. პირველ რიგში, ბალტიის ქვეყნები. გარდა ამისა, ბრიტანეთი აღარ არის წევრი, თუმცა ორმხრივი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა შეიძლება. ანალოგიურად, სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთანაც, მაგალითად, გერმანიასთან, სადაც რუსეთის საფრთხის აღქმა დღეს აბსოლუტურად სხვაა, ვიდრე იყო თუნდაც 5 წლის წინ. ამიტომ, იმ ქვეყნებთანაც კი, რომელთა პოზიციაც უფრო ფრთხილი იყო, საჭიროა მუშაობა.

წევრობის აპლიკაციის შეტანას მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მოიაზრებთ თუ დამოუკიდებლად?

ზოგადად, პაკეტი ანუ ჯგუფური ინტეგრაცია ევროკავშირში კარგად მუშაობს. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზეც. თუ ჩვენ ვხვდებით, რომ ეს გვაფერხებს, მარტო შეტანაც არ არის გამორიცხული. ჩვენ ხომ ამ მიმართულებით არც გვიმუშავია, წლები გვაქვს დაკარგული უკრაინასთან და მოლდოვასთან. იმისთვის, რომ ჯგუფურად შეიტანო, ეს ჯგუფი უნდა არსებობდეს და ამ ჯგუფის შეზრდაც ამოცანაა, რაც დაკარგული შესაძლებლობაა ამ ეტაპისთვის. ოფიციალური ვიზიტიც კი არ ყოფილა უკრაინაში, რაზეა ლაპარაკი. ამიტომ, ორივე მიმართულებით შეიძლება ფიქრი, ჯგუფურად შეტანის მცდელობა ძალიან მნიშვნელოვანია და მერე იქნება მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ აჯობებს.

კრიტერიუმების თვალსაზრისით, ყველაზე დიდი გამოწვევაა დემოკრატია, სასამართლო, რის გარეშეც გამორიცხულია. მაგრამ მთავარი მაინც პოლიტიკური ნების საკითხია — ისიც კი არ არის ნათელი, საქართველოს სურს თუ არა NATO-ს წევრი გახდეს.

როგორია თქვენი დამოკიდებულება NATO-ში ინტეგრაციისადმი, მათთან თავდაცვის საკითხებში თავსებადობას როგორ შეაფასებდით?

ჩვენი სამხედროების ფუნქციონალური თავსებადობა NATO-სთან წლების განმავლობაში არსებობს. ამ კუთხით ნაკლები პრობლემაა.

კრიტერიუმების თვალსაზრისით, ყველაზე დიდი გამოწვევაა დემოკრატია, სასამართლო, რის გარეშეც გამორიცხულია. მაგრამ მთავარი მაინც პოლიტიკური ნების საკითხია — ისიც კი არ არის ნათელი, საქართველოს სურს თუ არა NATO-ს წევრი გახდეს. როდესაც ეს თემა სერიოზულად იძვრება, მაგალითად, ამერიკაში, მკვლევარებმა როცა თქვეს, რომ აი, დავიწყოთ ფიქრი მექანიზმებზე, მეხუთე მუხლის დათქმაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენგან რეაქცია იყო აბსოლუტურად საპირისპირო, რომ ეს ნიშნავს ტერიტორიების დაკარგვას, რაც ტყუილია.

პირველ რიგში, უნდა დაიწყოს კონკრეტულ მექანიზმზე მუშაობა, პოლიტიკურ ნებაზეც არის დედაქალაქებში სამუშაო. ამერიკის არჩევნების შემდეგ ამ თემის დაძვრა ამერიკასთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იქ ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს, უბრალოდ, სამუშაო არის ბევრი, რადგან შენელდა ეს პროცესი წლების განმავლობაში. ამ ინერციის გატეხვა აუცილებელია.

თქვენი აზრით, რა წილი უნდა ჰქონდეს თავდაცვის ხარჯებს და რამდენად მიზნობრივად იხარჯება დღეს არსებული საშუალოდ 2%? სავალდებულო სამხედრო სამსახურზე რა პოზიცია გაქვთ?

რა თქმა უნდა, როდესაც შედიხარ NATO-ში, მნიშვნელოვანია 2% დაიცვა, ოღონდ ამაზე მნიშვნელოვანია, რაზე დახარჯავ ამ ფულს. უნდა ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან თავდაცვით აღჭურვილობაზე.

პროფესიულ ჯარზე უნდა გადავიდეთ. რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ამაზე ჩვენ გვქონდა NATO-სთან თანამშრომლობა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო. რა თქმა უნდა, არიან NATO-ს ქვეყნებიც, სადაც შერეულია ეს სისტემა, ეს არ არის ბლანკეტური მოთხოვნა, მაგრამ მათთან თანამშრომლობა, მათ შორის, ამ ყველაფრის უმტკივნეულოდ გაკეთებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად შესაძლებელია.

რას ფიქრობთ ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობაზე? მათ შორის გადაადგილების და ვაჭრობის თავისუფლებაზე?

მიდგომა პრინციპულად უნდა იყოს სტატუსნეიტრალური, ანუ ეკონომიკური, განათლების თუ ჯანდაცვის მიმართულების გააქტიურება ისეთი ფორმით, რომელიც არ ეხება სტატუსს. აქ ძალიან ბევრი ნიუანსური საკითხია, იგივე განათლების სფეროში, მაგალითად, დიპლომების აღიარების თემა როგორ დარეგულირდება, ვაჭრობაშიც როგორ უნდა გააკეთო ისე, რომ სტატუსს არ შეეხოს ეს საკითხი, მაგრამ ამაში ევროკავშირთან ძალიან კარგად შეიძლება თანამშრომლობა, წევრებთან.

მე მგონია, რომ ჟენევის ფორმატი არის მონაპოვარი სამომავლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მას კონკრეტული შედეგები არ მოუტანია.

მე არ მჯერა, რომ მხოლოდ ამ ინიციატივებით შევძლებთ პრობლემების მოგვარებას. რაც არ უნდა სარგებელი იგრძნონ მათ, არ მგონია, რომ რუსეთის განეიტრალებისა და დეოკუპაციის გარეშე საკითხი რეალურად გადაწყდება. მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლის, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ რუსეთით უკმაყოფილება საკმაოდ იზრდება.

დე ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკები როგორ წარმოგიდგენიათ, მათ შორის გაეროს ან ევროკავშირის შუამავლობით?

მე მგონია, რომ ჟენევის ფორმატი არის მონაპოვარი სამომავლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მას კონკრეტული შედეგები არ მოუტანია. რეალურად, მნიშვნელობა აქვს, როგორ მიდის იქ მოლაპარაკებები. ბოლო პერიოდში, მუდმივად ვართ რუსეთის მიერ შემოგდებულ თემებზე რეაგირებაში, როცა პირიქით, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ევროკავშირთან თემები დავაყენოთ — როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური, ჩვენ განვსაზღვრავდეთ დღის წესრიგს და არა მხოლოდ რუსეთის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით ვიმუშაოთ.

მე უფრო გავზრდიდი ძალისხმევას ჟენევის ფორმატის გასაცოცხლებლად შინაარსობრივად, ვიდრე ახალ ფორმატზე ვიფიქრებდი. თუმცა ევროკავშირთან ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი, იგივე ეკონომიკაში, განათლებასა და ჯანდაცვაში ახალ იდეებზე.

რას ფიქრობთ, რატომ "ვერგებით" რუსეთის მიერ შემოგდებულ თემებს?

ჯერ ერთი, ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჟენევის ფორმატის მიმართ დაკნინებულია, მათ შორის, აბაშიძე-კარასინის ფორმატით. მეორე — არ უნდათ რუსეთის გაღიზიანება, მაგალითად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში დღემდე არც ერთი რუსი არ იყო შეყვანილი. ასეთია რუსეთთან ურთიერთობის მათი კონცეფცია და ამის გამოსწორება შეიძლება ბევრად უფრო მძლავრი დიპლომატიით.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთის მიერ აღიქმება დიდ გეოპოლიტიკურ დანაკარგად და ოკუპანტი ქვეყანა ცდილობს, აღკვეთოს დასავლეთთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯები, გამოიყენოს რბილი ძალა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ფონზე ინტეგრაციის დაჩქარება?

საკითხის ასე დაყენება, რომ ჩვენი ინტეგრაცია გაამწვავებს რუსეთთან ურთიერთობას, არ მგონია სწორი. ქართული ოცნებაც ასე მსჯელობს. ამ დროს, პირიქით — რუსეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ბლოკავს ჩვენს ინტეგრაციას.

საკითხის ასე დაყენება, რომ ჩვენი ინტეგრაცია გაამწვავებს რუსეთთან ურთიერთობას, არ მგონია სწორი. ქართული ოცნებაც ასე მსჯელობს. ამ დროს, პირიქით — რუსეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ბლოკავს ჩვენს ინტეგრაციას.

რეალურად, რაც უფრო ღრმად ხარ ინტეგრირებული, მით უფრო ნაკლები ბერკეტი აქვს რუსეთს შენს უსაფრთხოებაზე. ამიტომ, შიში იმისა, რომ ნაბიჯები არ უნდა გადადგა, თორემ რუსეთთან დაიძაბება ურთიერთობა, იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოებას ვერასდროს მიაღწევ. საერთოდ არანაირი ნაბიჯი რომ არ გადადგა, რუსეთს თავისი დღის წესრიგი აქვს შენთან, ამიტომ მგონია, რომ უსაფრთხოების თემებზე ევროპელებთან და დასავლელებთან მჭიდრო თანამშრომლობით დავიცავთ თავს და არა იმით, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ. რუსეთს არ უნდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. როცა NATO ან მასთან დაახლოებული პირები გეუბნებიან — მოდი, ვისაუბროთ კონკრეტული გაწევრიანების მექანიზმებზე და ამბობ, რომ არა, მე მეშინია რუსეთის, შენ კლავ ინტეგრაციის პროცესს.

თუ არ მეშინია რუსეთის, რა პერსპექტივა მაქვს?

რუსეთის როგორ არ მეშინია, რომ მეშინია, იმიტომ მინდა NATO-ში. მაგრამ მარტო მე კი არ მეშინია რუსეთის, ევროპული უსაფრთხოების პრობლემაა, როცა რუსეთი ბლოკავს სახელმწიფოებს, ბლოკავს ევროპის და NATO-ს არსებობას ამ რეგიონში.

ზოგადად, ის, რომ შენ არ ახსოვხარ მსოფლიში, განპირობებულია ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით. ობიექტური არის ის, რომ ევროპისთვის ახლა მართლაც დინამიური პერიოდია, აქვთ ბევრი გამოწვევა. გაფართოება ისეთი აქტუალური აღარ არის, როგორიც იყო, მაგალითად, 90-იანების ბოლოს. ჩვენ გჭირდება მეტი ძალისხმევა, რომ დღის წესრიგში ჩავჯდეთ. როგორ უნდა ჩაჯდე დღის წესრიგში? მაგალითად, ეს არის აქტიურობა, მათ შორის, საერთო ევროპულ გამოწვევებზე, მაგალითად, რუსეთის პროპაგანდა, კიბერ უსაფრთხოება და სხვა ისეთი საერთო თემების მონახვა, სადაც საქართველოს ეთქმის თავისი გამოცდილებითა და ცოდნით. ან ანაკლიის პორტი, რომლის მიმართაც ცალსახად არის დასავლეთის ინტერესი. ევროკავშირში აპლიკაციის გაკეთებაც ხომ ეგ არის — შენ შენს ამბიციას საკმაოდ მყარად აფიქსირებ.

ცხადია, ვერ იქნები აქტუალური, თუ უბრალოდ ზიხარ და ელოდები, რომ ვიღაც თავის პრობლემებს გადადებს და შენით დაკავდება. რთულია ვითარება, თუმცა აქტუალიზაციის რესურსი აქვს საქართველოს, მით უმეტეს, ჰყავს მხარდამჭერი ქვეყნები, სადაც ამ თემის გააქტიურება შეიძლება.

ვერ იქნები აქტუალური, თუ უბრალოდ ზიხარ და ელოდები, რომ ვიღაც თავის პრობლემებს გადადებს და შენით დაკავდება. რთულია ვითარება, თუმცა აქტუალიზაციის რესურსი აქვს საქართველოს, მით უმეტეს, ჰყავს მხარდამჭერი ქვეყნები, სადაც ამ თემის გააქტიურება შეიძლება.

გეოპოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა თუნდაც ყირიმის ანექსიის შემდეგ. პუტინი თავისი ძალაუფლების პიკში აღარ არის. არ არის უსასრულო ის პერსპექტივა, რომ რყევები დაიწყება და როგორც ელცინის პერიოდის პირველი ნაწილი იყო შესაძლებლობების ფანჯარა, ასევე შეიძლება იყოს ესეც. ამიტომ უნდა გავაქტიურდეთ, რომ როცა ეს რყევის პერიოდი მოვა, საფუძველი გვქონდეს მომზადებული გარღვევისთვის.

გადავიდეთ ეკონომიკურ საკითხებზე. იმ შემთხვევაში, თუ მოხვალთ ხელისუფლებაში, როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას, როგორი იქნება ადმინისტრაციული ხარჯების განაწილება? რას ფიქრობთ გადასახადების შემცირებაზე?

გადასახადების შემცირება ბიუჯეტის ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს, თუმცა ამის ფილოსოფია იმაშია, რომ ეს იძლევა დიდ ეკონომიკურ სტიმულს და საბოლოო ჯამში, არ გამოიწვევს ბიუჯეტის დაცარიელებას. მეორე მხრივ, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, როგორიცაა ზედმეტი სსიპები და ა(ა)იპ-ი.

რეგიონების ხარჯებს რომ ჩახედოთ, ოზურგეთის კულტურის სამსახური ლამის ლონდონის კულტურის სამსახურზე უფრო დიდია. ამას ახლა უტრირებულად ვამბობ, მაგრამ უკიდეგანოდ გაბერილია ეს ხარჯები. მათი შემცირებით შეგვიძლია ფული მივმართოთ სოციალური პროგრამებისკენ, როგორცაა დევნილების დახმარების გაორმაგება, რაც დათვლილი გვქონდა და 75 მილიონი ჰყოფნიდა.

პენსიები ყველას გაეზრდება, მაგრამ იგეგმება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადახედვა. ის უფრო მეტად მიმართული უნდა იყოს იმ ადამიანებისკენ, ვისაც მეტად სჭირდება, ოღონდ აქ არ არის საუბარი მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე, იმიტომ, რომ შეიძლება საშუალო შემოსავლის ადამიანიც ვერ გაწვდეს რაღაც ტიპის ხარჯებს. პრინციპი უნდა იყოს, რომ ყველას ერთნაირად კი არა, ვისაც უფრო უჭირს, იმას მეტი.

ლარის გადასარჩენად რა კონკრეტულ ზომებს მიიღებდით?

რასაც ახლა ეროვნული ბანკი აკეთებს, ეს არის სასწრაფო ჩარევა, რომელიც წუთიერად, წინასაარჩევნოდ მოქმედებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეკონომიკას აბსოლუტურად არ აჯანსაღებს. ლარს ამყარებს მეტი ფულის არსებობა, მეტი ფულის შემოსვლა, ინვესტიციები და ტურიზმი. ტურიზმის იმ დონით შემცირება, რაც მოხდა პანდემიის პერიოდში, აუცილებელი არ იყო — შეიძლებოდა ფრენების გახსნა ტესტირების გზით. კრიზისის დროს გასაგებია, რომ ვერ გეყოლება იმდენი რაოდენობით ტურისტი, როგორიც არაკრიზისულ პერიოდში, მაგრამ შეიძლებოდა მეტი ფული შემოსულიყო და ინვესტიციები.

ინვესტიციების ზრდას, გარდა აქტიურობისა, ხელს შეუწყობს სასამართლო და ბიზნეს-დავებში იყოს ამერიკის პრეცედენტები აღიარებული. ბიზნესის ლიბერალიზაცია და მყარი სასამართლოს შექმნა მოგვცემს მნიშვნელოვან გარანტიებს.

თქვენი აზრით, განათლების სისტემაში რა პრობლემებია და რა შინაარსის რეფორმებია საჭირო?

პირველ რიგში, მგონია, რომ მნიშვნელოვანია კონკურენციის შემოტანა სკოლებს შორის და თვითმმართველობის გაძლიერება. საჭიროა მეტი თავისუფლების მიცემა, მათ შორის, ხარჯების ნაწილში. ასევე, მნიშვნელოვანია, მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივი გადაწყვეტილება დირექტორის არჩევისა თუ ფულის ხარჯვის შესახებ.

მე ვხედავ საფრთხეს იმაში, რომ სახელმწიფო საერთოდ არ ჩაერიოს სკოლებში, რადგან შეიძლება დაირღვეს ადამიანის უფლებები, მოხდეს ინდოქტრინაცია და ა.შ. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გარკვეული სტანდარტი და პერიოდული გადასინჯვის სახით, გარკვეულ კლასებში შეამოწმოს, რამდენად არის ის დაცული. შენ შეიძლება გქონდეს სხვადასხვა მეთოდი სწავლების, აქ თავისუფლება და კონკურენცია იყოს, მაგრამ სტანდარტს უნდა აწესებდეს სახელმწიფო და მაგალითად, მეოთხე კლასში შეამოწმოს, აქვთ თუ არა ბავშვებს აუცილებელი უნარები.

რას ფიქრობთ სახელმწიფოს ჩარევაზე ეკონომიკაში? რა დოზით უნდა ერეოდეს?

ზოგადად, რეგულაციები და წესების სიმრავლე აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას. თავისუფალი ბაზარი ყველაზე ეფექტურია, თუმცა აბსოლუტურად არანაირი ტიპის რეგულაციის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. მაგალითად, ქვის ჭრა რომ არ შეიძლება ქალაქში, რაც, ცალსახად არის დაბინძურების წყარო, კი, მანდ უნდა დააწესო რეგულაციები. საჭიროა ჩარევა, თუმცა შინაარსობრივადაც გააჩნია, რა ტიპის რეგულაციაზე ვსაუბრობთ.

საპატრიარქოს დაფინანსება, ან ნებისმიერი კონფესიის, უნდა იყოს გერმანული მოდელით — თუ მინდა ვაფინანსებ, თუ არ მინდა — არა. Opt out-ის გაკეთება უნდა შეგეძლოს.

სავალდებულო საპენსიო დანაზოგზე რას ფიქრობთ? იზიარებთ პარტიის პოზიციას?

დიახ, მეც ნებაყოფლობითს ვემხრობი და არა სავალდებულოს.

უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან საპატრიარქო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სპორტული და კულტურული ფედერაციები?

აბსოლუტურად სისულელეა. საპატრიარქოს დაფინანსება, ან ნებისმიერი კონფესიის, უნდა იყოს გერმანული მოდელით — თუ მინდა ვაფინანსებ, თუ არ მინდა — არა. Opt out-ის გაკეთება უნდა შეგეძლოს.

რაც შეეხება მართლმსაჯულებას, აქ რა პრობლემებს ხედავთ, მოსამართლეების ჩამოყვანაზე რას ფიქრობთ და ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტზე? მათ უნდა ჰქონდეთ სისხლის სამართლის ყველა საქმის განხილვის უფლება?

დიახ, ყველა საქმე უნდა განიხილონ. მე მჯერა ნაფიც-მსაჯულების ინსტიტუტის ეფექტურობის და, ზოგადად, ეს მართლმსაჯულების მიმართ შეცვლის დამოკიდებულებას. ის შიშები, რომ არ იმუშავებს, პატარა ქვეყანა ვართ და ამიტომ ყველა ყველას ნაცნობია, არასწორი მგონია.

მთავარი პრობლემა იმაშია, რომ რეალურად, არც ერთ მთავრობას არ მოუნდა ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება. აი, თითქოს თვითმმართველობა განვითარდა, იუსტიციის საბჭო შექმნეს, მაგრამ ფიქციაა. პრობლემაა სახელმწიფოს გავლენა და კლანი. ამიტომაა საჭირო ნაწილობრივ არჩევითობა, თუმცა ამის პრობლემა ის არის, რომ შეიძლება ზუსტად საზოგადოებრივი განწყობები იყოს გავლენის მომხდენი. მაგალითად, ჰომოფობიურ საზოგადოებაში არჩევითი მოსამართლე შეიძლება საშიში იყოს.

ხარისხობრივად, კვოტები ქალთა უფლებების ან რეპრეზენტატულობის პრობლემას არ მოაგვარებს, თუმცა, გარკვეულწილად, ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება შეიცვალა. ექსპერიმენტად შეიძლება ღირდეს, ვნახოთ, რას მოიტანს.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანა ტექნიკურად რთულია, მიმაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში მთავარ პოზიციებზე ეს გარემოს შეცვლის. თან უცხოელ მოსამართლეებში სამართლიანი სასამართლოს პრაქტიკა არის უფრო გამჯდარი, ასევე პოტენციური მოწყვლადობა მთავრობასთან გარიგების, არის ნაკლები. გამორიცხული არაა, თუმცა ნაკლები რისკია.

მე საერთოდ არ მგონია, რომ არაკვალიფიციური მოსამართლეები გვყავს, უბრალოდ ჩაკეტილია სისტემა. ისეთი კრიტერიუმებია, რომ კარგი ადვოკატი ვერ მოხვდება იქ. ეს რომ გაიხსნება, ჩამოყალიბდება კვალიფიციური მოსამართლეების კორპუსი, საუბარია გარდამავალ პერიოდზე.

ადამიანის უფლებების მიმართულებით რომელ ძირითად პრობლემებს გამოყოფდით?

პრობლემა არა კანონმდებლობაში, არამედ მის აღსრულებაშია. ანტიდისკრიმინაციული კანონიც არსებობს, თუმცა არ სრულდება. მნიშვნელოვანი იყო მისი მიღება თავის დროზე, როგორც პოლიტიკური გზავნილი, რომ ამ პრობლემას აღიარებ. მოგვარებას სჭირდება პოლიტიკური leadership და გამბედაობა, რაც, ნაწილობრივ, მოხდა ქალთა ძალადობის თემაზე. რაღაც მომენტში, პოლიციაში წავიდა ინსტრუქცია, რომ დამნაშავე რეალურად დაესაჯათ, თორემ მანამდე, იყო შემთხვევები, როცა პოლიციელი მიდიოდა ოჯახში და იძახდა, რომ კაცის საქმეა, როგორ მოაგვარებს ურთიერთობებს. ეს გადატყდა, იმიტომ, რომ ინსტრუქცია მიიღეს. არ მგონია, რომ კონსტიტუციაში ან კანონებში ხარვეზი გვქონდეს, უბრალოდ აღსრულება უნდა გაკონტროლდეს.

რას ფიქრობთ გენდერულ კვოტირებაზე?

მე ამისთვის მხარი არ დამიჭერია. მგონია, რომ ეს პრობლემას არ აგვარებს. ხარისხობრივად, ქალთა უფლებების ან რეპრეზენტატულობის პრობლემას არ მოაგვარებს, თუმცა, გარკვეულწილად, ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება შეიცვალა კვოტების მიმართ.

ექსპერიმენტად შეიძლება ღირდეს, ვნახოთ, რას მოიტანს. მე ვერ ვხედავ, რას აზიანებს ასე ძალიან, რომ არ სცადო. თუმცა ბევრი სხვა რამაა გასაკეთებელი, რომ რეალურად ქალები გაძლიერდნენ, მათ შორის ეკონომიკური გაძლიერება, საკუთრების უფლების დარეგულირება ქალებთან მიმართებში, რადგან პრაქტიკაში კაცებს სრული უპირატესობა აქვთ საკუთრებაზე.

წაიკითხეთ ასევე: