How I Met My Therapist ანუ როგორ შევხვდი ჩემს ფსიქოთერაპევტს vol.4
How I Met My Therapist, ანუ როგორ შევხვდი ჩემს ფსიქოთერაპევტს, ჩანაწერების სერიაა, რომელშიც ავტორი, ფსევდონიმით ნია ბარათაშვილი, ყოველ კვირას გვიყვება ფსიქოთერაპიულ სეანსებზე სიარულის გამოცდილების შესახებ. ნახსენები პირების ანონიმურობის დაცვის მიზნით, ტექსტში ყველა პერსონაჟის სახელი შეცვლილია.
სერიის ყველა დანარჩენი თავი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
- თეა, ჩავიჯვი!!!
რამ პამ პარარარამ რამ პამ პაა რამ ასეთ დროს ძალიან მინდება ხოლმე, ჯამბაზის პარიკი მედებოდეს თავზე, ცირკის მუსიკა ირთვებოდეს და ჩემითვე მოწყობილი კლოუნადის გმირი პალიაჩი ვიყო.
დავეშვი ჩემს აწ უკვე საყვარელ სტაფილოსფერ სავარძელში და ამოვაფრქვიე მამაჩემთან წარუმატებელი საუბრის ყველა დეტალი. თეა სულ ყურადღებით მისმენს, ზოგჯერ, ჩემზე მეტ განცდას გამოხატავს - ამით, მგონი, მაგრძნობინებს, რომ ყველა ჩემი ემოცია ლეგიტიმურია. ეს ხომ ისე ძალიან მაკლდა ბავშვობაში. მეც ვაკვირდები ხოლმე თეას, მაგას რა ჰგონია?! ოთახში მეორე, დიდი დივანიც დგას და თითქმის დარწმუნებული ვარ, მარტო იმიტომ დგას, რომ მე გამტესტოს! როდის გავშინაურდები საიმისოდ, რომ დივანზე წამოწოლაც შევძლო. ვერ ეღირსები, თეა! კარგი, ჯანდაბას, რაღაც დროს ალბათ იმაზეც გამომიჭერს, რომ ხშირად მგონია - მისი თამადობით და მისგან დამოუკიდებლად, მთელი სამყარო მე მებრძვის, მთელი სამყარო მე მითვალთვალებს, მთელი სამყარო მე მელოდება, როდის ამისრიალდება ბანანის ქერქზე ფეხი. ვერ ეღირსებით-მეთქი!
მოკლედ, ვყვები, ვყვები, იმ საუბარზე, რომ არ მოგატყუოთ - 80%-ს ისევ მე ვლაპარაკობ. ჩემს ცხოვრებაზე ვყვები და აბა თეა ხომ არ ილაპარაკებს მეტს? ჯერ მისმენს. რამდენჯერმე გამეფიქრა, ეგრე ხომ მეგობრებიც მისმენენ-მეთქი და ბარემ იმათ გადავუხდი ფულს, რა ვიცი, სასმელზე მაინც დამპატიჟებენ მერე. მაგრამ, აი, ცოტა მეტსაც იფიქრებ და მიხვდები - მეგობრები ფსიქოთერაპევტები არ არიან, მეგობრები არიან. ვერასდროს გეტყვიან ისე, რომ არ გეწყინოს, ვერასდროს იქნებიან ბოლომდე ობიექტურები და, მოდი, მოვრიგდეთ, ეს მათი პროფესია არაა, რომელიც ისწავლეს, ისწავლეს, მიიღეს ბევრი პრაქტიკა და ახლა ეს მათი სამუშაოა. ეს ფსიქოთერაპევტის სამუშაოა.
ახლა, იმაზეც - რატომ ვერ შედგა საუბარი მამასთან. ხშირად, არ ვიცი, როგორ ვმართო ჩემივე ბრაზი და როგორ გამოვხატო მის მიღმა დაფარული ნებისმიერი სხვა ემოცია თუ აზრი. ვფიქრობ, ეს თვისება ვის ვის და მამაჩემისგანვე მაქვს. საერთოდაც, პატარა სპოილერი - თითქმის ყველა პრობლემის განხილვისას, კატასავით, თხრი, თხრი და ძირეულ პრობლემად დედას ან მამას გამოთხრი, განურჩევლად იმისა, რამდენად იდეალური ან არაიდეალური მშობლები გყავს ან გყავდა. ამ ჩემი დასწავლილი ბრაზის გამო, ხშირად მიჭირს კომუნიკაცია - ზუსტად არ ვიცი რა ვუყო ამ ემოციას. არადა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რასაც ჩვენი ტვინი გამოიმუშავებს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. თუ რამეზე გაბრაზდი - ესე იგი საფრთხეს ხედავ, რომ შენი რომელიღაც ღირსება ილახება. ღირსება, და მისი შელახვა კი, რა თქმა უნდა, ყველასთვის ინდივიდუალურია - ყველანი სხვადასხვა რამეზე "ვთრიგერდებით". ახლა ჩავხედე trigger-ის განმარტებას და აჰა: სასხლეტი - მოწყობილობა, რომელზე დაჭერითაც ისვრის იარაღი. ანუ სხვადასხვა რაღაც გვაჭერს - ჩვენეული სასხლეტები გვაქვს და ზოგს მეტად სჭირდება თითის დაჭერა, ზოგს ნაკლებად, იმისთვის, რომ გაისროლოს. ჩემი იმ წამსვე ისვრის. თეამ მითხრა, ეს პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს შენს თვითშეფასებასთანო. თავდაუჯერებელი ხარ და უფრო მარტივად გგონია, რომ ვიღაც გესხმის თავს და მზადაა შენი უსაფრთხოება დაარღვიოსო. ტვინში მაშინვე სისხლი მეღვრება, თავდაუჯერებელს რომ მეძახის, მაგრამ რამდენიმე წამში ვიაზრებ, რომ სიმართლეა და ეს ჩემი სუპერ-თავდაჯერებული-პატივი-მეცი-თორემ-სახლს-გადაგიწვავ მიდგომა, სხვებთან საკუთარი თავის პოზიციონირებისას, მორიგი შეფუთვაა, რომელშიც ერთ პატარა გოგონას ვმალავ, რომელსაც მთელი ბავშვობა არ უსმენდნენ, ურღვევდნენ პირად სივრცეს, არ სჯეროდათ მისი პოზიციების სიმყარის და მუდმივად თავს ახვევდნენ თავის ავტორიტარულ აზრებს.
მამაჩემთან საუბარიც იმიტომ ვერ შედგა, რომ ორი დინამიტი ვლაპარაკობდით და საუბარზე მეტად ამას ჩხუბი ერქვა. მე დღემდე ზუსტად არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი ბრაზი, უკმაყოფილება, წყენა, ტკენა და უფრო მეტად არ ვიცი - როგორ განვასხვავო ისინი ერთმანეთისგან. რატომ? იმიტომ, რომ როგორც თეამ ამიხსნა - ამ ემოციებს ჩვენში ბავშვობიდან ადებენ ტაბუს - გაბრაზება ცუდია, გაბრაზების გამო ისჯები, წყენა არ შეიძლება, უსამართლობაზე შეპასუხება კუთხეში დადგომასთანაც შეიძლება ასოცირდებოდეს. მე კიდევ ერთი მშობელი პედაგოგი მყავს, მეორე კი - სამხედრო. ხვდებით, ხომ, რა სიმკაცრესა და დისციპლინაშიც მზარდეს? ზუსტად ამის გამო - ან ასჯერ უფრო უარესად ვფეთქდები, ვიდრე საჭიროა, ან ასჯერ უფრო დიდხანს ვმალავ ამ ბრაზს, რომელიც სადღაც მისაფრდება და ნელ-ნელა მჭამს. მერე კი ამ ბრაზის გამოხატვა ან მრცხვენია, ან მეტისმეტი მომდის, ან იქამდე ვყლაპავ, სანამ თვითონ არ გადამყლაპავს.
"საუბრის" დეტალებს რომ მოვუყევი, თეამ მხოლოდ ერთი კითხვა დამისვა - რამდენი წლის ნია ჩხუბობდა გუშინ მამასთან? ჩავფიქრდი, ბევრი მმმმ, ჰმმმმ ვიძახე და - 16 წლის *ლებავშვა-მეთქი. არადა, თინეიჯერობა დიდი ხანია უკან მაქვს მოგდებული. ჰოდა, ასეთი ხრიკი მასწავლა - კამათისას, წარმოვიდგინო შუქნიშანი, რომელიც 3 ტიპაჟს ანთებს - ბავშვს, მშობელს ან ზრდასრულს. ეს ყველა ადამიანის ეგოს სამი ფაზაა. ამით განსაზღვრავ, დიალოგში მყოფი ადამიანების ეგო რომელ სტადიაშია იმ წამს და მერე ერგები მათ. მაგალითად, თუ თანამოსაუბრის ეგო ბავშვის სტადიაშია, აზრი არ აქვს, ელაპარაკო მას, როგორც მშობელი - გაკიცხვად და ჭკუის დარიგებად აღიქვამს და მარტივად - აღარ მოგისმენს. მოკლედ მოვჭრი - მთავარია, დიალოგის რომელ მხარესაც არ უნდა იყო, გააცნობიერო, ვინ რომელ ფაზაშია, შენ კი მაქსიმალურად ეცადო, ყოველთვის ზრდასრულის ფაზაში იყო და იქიდან ისმინო და ილაპარაკო. რატომ? ეგოს ამ სამი ფაზიდან 2-ის (მშობელი და ბავშვი) ფესვი წარსულშია გამჯდარი და ძველ ტრავმებს თუ გამოცდილებებს ეფუძნება:
1. როცა მშობლის ფაზაში ხარ, მოქმედებ, გრძნობ და ეპყრობი ისე, როგორც შენი მშობლების ქცევებისგან ისწავლე: ზრუნავ, ეხმარები, გიყვარს ან აკრიტიკებ, სჯი, ზღუდავ, უკრძალავ და მკაცრ მითითებებს აძლევ - გააჩნია, რომელ მაგალითს გაძლევდნენ მშობლები შენვე.
2. როცა ბავშვის ფაზაში იმყოფები, იმ განცდებსა და ფიქრებს უბრუნდები, რომელიც ბავშვობაში გქონდა: ხარ ცნობისმოყვარე, შემოქმედებითი, ლაღი, მოსიყვარულე ან შეშინებული, შფოთვიანი, ეჭვიანი, ამპარტავანი, დანაშაულის გრძნობით განმსჭვალული და ა.შ. - ისევდაისევ, გააჩნია, როგორი განცდები გქონდა ბავშვობაში.
ხოლო, მესამე, ზრდასრულის ეგო ერთადერთი სტადიაა, რომელიც აწმყოში ხდება, რეალურია და მოქმედებს და ფიქრობს მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რაც ამ წამს და აქ ხდება. დააკვირდი ხოლმე, რამდენად "ზრდასრულისაა" შენი მიდგომები, რა დგას შენი განზრახვების უკან - ცნობისმოყვარეობა და თანადგომა თუ დადანაშაულება ან გაკიცხვა შენი თავის დასამტკიცებლად?
დღევანდელი სესია, ძირითადად, ამ "ხრიკს" დავუთმეთ, მადლობა რომ ჩემი TED Talk-ი მოისმინეთ. როგორც ხედავთ, უკვე მეც მშვენიერ ფსიქოთერაპევტად ჩამოვყალიბდი და აღარ დამჭირდება თეასთან სიარული, ნახვამდის.
კარგი, კარგი, მშვენივრად ვიცით, რომ შემდეგ ხუთშაბათს ისევ შევხვდებით.
გაგრძელება, იქნება.
თუ ფსიქოთერაპიულ გამოცდილებებზე კითხვა ან საკუთარის გაზიარება შენთვის საინტერესოა, შეგიძლია შემოგვიერთდე დახურულ ჯგუფში - მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები