სამტრედიაში ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორი ქართული ოცნების აქტივისტებმა პარტიის ოფისში არ შეუშვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ ოფისში თათბირი იყო და შესვლა არ შეიძლებოდა.

გარდა ამისა, მუქარის შემცველი ტექსტებით ესაუბრებოდნენ — "ხელი თუ არ გინდა ვინმემ მოგკიდოს, სახლში წადი"; "თქვენი ადგილი არ არის აქ, მიბრძანდით"; "არ შეიძლება შესვლა იმიტომ, რომ თქვენ სხვანაირად ლაპარაკობთ მერე, არასწორად მიგაქვთ ინფორმაცია"; "წადი სახლში, საქმე არ გაქვს".

აქტივისტები ოპერატორისგან მოითხოვენ, არ გადაიღოს, რაზეც ოპერატორი პასუხობს, რომ ხელით ეხებიან და როგორ არ გადაიღოს.

ჟურნალისტი ოფისთან შეკრებილებს კითხვას უსვამს, რომ თუ მხოლოდ თათბირია, ოპერატორისა და მის მიმართ აგრესია რატომ იყო, რაზეც აქტივისტი პასუხობს, იმიტომ არის აგრესიული, რომ ოფისში ძალით შესვლას ცდილობენ.