შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ტრაილერის მძღოლი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა "დაფი" სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

ავტოავარია გორის ავტობანზე გუშინ, 29 ოქტომბერს მოხდა. თურქული სანომრე ნიშნების მქონე ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა, ადგილზე 5 ადამიანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.