მარნეულში, ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი განახლდა. საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთის დაპირისპირების გამო შეწყდა.

როგორც ადგილზე მყოფი ცესკოს წარმომადგენლები აცხადებენ, ოპოზიციის დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს, რადგან ხელს უშლიდნენ. ენმ-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათმა დამკვირვებლებმა უბანზე დარღვევა აღმოაჩინეს, გააპროტესტეს და გაძევებაც სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.

პლატფორმა 2020-ის წარმომადგენლის განცხადებით, მისი გუნდის წევრებს ერჩიან, რადგან აქტიურად იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო პროცესში და ახლაც აქტიურად აკვირდებიან.

როგორც ვიდეო კადრებში ჩანს, #89 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და მობილიზებულია პოლიციაც. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უბნის დახურვას ითხოვდნენ, რადგან მათი განცხადებით, იქ არჩევნების გაყალბების შემთხვევები ფიქსირდებოდა.

კომისიის მდივნის განცხადებით, ამ ეტაპზე უბანზე ოპოზიციის სამი წარმომადგენელი დარჩა დამკვირვებლად, 5 კი გააძევეს — 4 ოპოზიციის, 1ოცნების წარმომადგენელი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.

ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.

გაიგეთ მეტი არჩევნებზე: