წაგებული სასამართლო დავის შემდეგ, მსახიობმა ჯონი დეპმა საკუთარი როლი ჯადოსნური არსებების ფილმების სერიაში დატოვა.

დეპმა ამბავი საკუთარ გამომწერებს ინსტაგრამის საშუალებით აცნობა და დაადასტურა, რომ მოთხოვნა, რომელსაც დათანხმდა, კინოკომპანია Warner Bros.-ის ხელმძღვანელობას ეკუთვნოდა.

"მსურს, შეგატყობინოთ, რომ Warner Bros.-მა მთხოვა, დამეტოვებინა გრინდელვალდის როლი ჯადოსნურ არსებებში. მე კი მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მოთხოვნას დავთანხმდი", — წერს მსახიობი.

წერილში დეპმა მადლობა გადაუხადა საკუთარ გულშემატკივრებს და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

"გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს დაუჯერებელი გადაწყვეტილება სიმართლისთვის ბრძოლის სურვილს ვერ გამიქრობს, ამიტომ გიდასტურებთ, რომ გასაჩივრებას ვაპირებ", — აღნიშნავს კინოვარსკვლავი, — "მტკიცე აზრზე ვრჩები და გადაწყვეტილი მაქვს, დავამტკიცო, რომ ჩემ მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა. ჩემს ცხოვრებასა და კარიერას ეს პერიოდი ვერ განსაზღვრავს".

როგორც აღვნიშნეთ, მსახიობის გადაწყვეტილების გაცხადებამდე ოთხი დღით ადრე მან სასამართლო დავა წააგო გაზეთ Sun-თან, რომელსაც დეპი ცილისწამებაში ადანაშაულებდა. გაზეთის მიერ გამოქვეყნებუყლ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ამერიკელი მსახიობი ყოფილ ცოლზე, ამბერ ჰერდიზე, ძალადობდა. დეპმა ბრალდებები უარყო და საქმე გამოცემის წინააღმდეგ სასამართლოში აღძრა.

2016 წელს ამბერ ჰერდმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესის ბინაში კამათისას ჯონი დეპმა მასზე ფიზიკურად იძალადა.

ფოტო: Jordan Strauss / Invision / AP

ჯონი დეპი ჯადოსნური არსებების ფილმების სერიაში 2016 წლიდან ასრულებდა გრინდელვალდის როლს, თუმცა ჰერდის მიერ გახმაურებელი ბრალდებების შემდეგ კინომოყვარულების ნაწილი ითხოვდა, რომ მსახიობს პერსონაჟი არ განესახიერებინა.

ჰარი პოტერის სამყაროს შემქმნელმა, ჯოან როულინგმა, 2017 წელს დეპი დაიცვა და აღნიშნა, რომ იგი "მოხარული" და "კმაყოფილი" იყო მსახიობის დასში ყოფნით.

Warner Bros.-ის წარმომადგენელმა დეპს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ გრინდელვალდის როლზე სხვა მსახიობი შეირჩევა. ამასთან, მესამე ფილმის პრემიერა, რომელიც 2021 წლის 12 ნოემბერს იყო დაგეგმილი, 2022 წლის ზაფხულში გადაიწევს. კინოსურათის რეჟისორი კვლავ დევიდ იეტსი იქნება.