ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს.

"რა კანონით მაჯარიმებენ, კანონსაც ვერ მიმითითებენ. თურმე თვითიზოლაციის წესი დავარღვიე და კარანტინის წესი. არავითარი კარანტინის წესი არ დამირღვევია. მე არც კოვიდი მაქვს, წავედი თბილად ჩავიცვი და მოვდივარ უკან. ამიტომ ეს არის უკანონო, ჩვეულებრივად უკანონო დადგენილება, ყველას მინდა ვუთხრა, 42-ე მუხლს მიმითითებენ, რომელშიც წერია კარანტინი და იზოლაცია", — განაცხადა დეკანოიძემ TV პირველის ეთერში.

მთავრობის 9 ნოემბრის დადგენილებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშულებით აიკრძალა. ასევე, აიკრძალა საჯარო სივრცეში ყოფნა. დადგენილების მიხედვით, აღნიშნულის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით ფიზიკური პირებისთვის, ხოლო იურიდიული პირებისთვის დაჯარიმებას 10 000 ლარით.