როგორც ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯონი დეპი ჯადოსნური ცხოველების მესამე ფილმში აღარ ითამაშებს, ის ამ ფილმით მაინც უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე კინოსურათის ისეთი მსახიობები, როგორებიც ჯუდ ლოუ და ედი რედმეინი არიან.

6 ნოემბერს მსახიობმა ჯონი დეპმა კინოსტუდია Warner Bros.-თან ერთად დააანონსა, რომ ჯადოსნური ცხოველების ფილმების სერია დატოვა და გრინდელვალდის როლს აღარ შეასრულებს. სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ როლზე იძულებითი უარის თქმის მიუხედავად, ის მანამდე კონტრაქტით შეთანხმებულ ანაზღაურებას სრულად მიიღებს.

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ჯადოსნური ცხოველების მესამე ნაწილის გადაღებები უკვე დაწყებული იყო და ჯონი დეპი მხოლოდ ერთ სცენაში იყო გადაღებული, როცა მას როლზე უარის თქმა მოუწია, თუმცა რვანიშნიან დაპირებულ გასამრჯელოს მაინც სრულად მიიღებს.

ამავე გამოცემის ცნობით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი შემთხვევაა ისეთი დონის ვარსკვლავებთან თანამშრომლობის შემთხვევაში, როგორიც ჯონი დეპია: მათი კონტრაქტები ერგვარად შემდეგ პრინციპზე ემყარება: ითამაშე ან გადაიხადე. აღსანიშნავია, რომ ტექნიკურად Warner Bros.-ს ჯონი დეპი არ დაუთხოვია — მსახიობს სთხოვეს, რომ თავად ეთქვა როლზე უარი. საინტერესოა, რა მოხდებოდა, ეს თხოვნა რომ დეპს არ შეესრულებინა.

ჯონი დეპი ფილმში ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულებები

ფოტო: Warner Bros.

ჯონი დეპი ჰარი პოტერის ამ სპინოფ ფილმების სერიაში 2016 წელს გამოჩნდა ფენტეზის ჟანრის ბლოკბასტერში ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი. მან იგივე როლი შეასრულა 2018 წელს გამოსულ ფილმში გრინდელვალდის დანაშაულებები, თუმცა მესამე ნაწილში, რომლის პრემიერაც 2022 წელსაა დაგეგმილი, ჯონი დეპს ვეღარ ვიხილავთ.

ეს რადიკალური გადაწყვეტილება ფილმის მწარმოებელმა კინოკომპანია Warner Bros.-მა მას შემდეგ მიიღო, რაც ლონდონის სასამართლომ დაადგინა, რომ მსახიობი თავის ყოფილ ცოლზე, ამბერ ჰერდზე ძალადობდა: ჯონი დეპი ბრიტანულ გამოცემა Sun-ს უჩიოდა ცილისწამებისთვის — გაზეთმა მისი მისამართით სიტყვები "ცოლის მცემელი" გამოიყენა. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ტაბლოიდურ გამოცემას "არსებითად მცდარი" არაფერი დაუწერია: 14 ინციდენტიდან 12 შემთხვევაში ჯონი დეპს ამბერ ჰერდზე ძალადობის ფაქტები დაუდასტურდა.

57 წლის კინოვარსკვლავის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ის თავისი უფლებების დაცვას განაგრძობს:

"გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს დაუჯერებელი გადაწყვეტილება სიმართლისთვის ბრძოლის სურვილს ვერ გამიქრობს, ამიტომ გიდასტურებთ, რომ გასაჩივრებას ვაპირებ. მტკიცე აზრზე ვრჩები და გადაწყვეტილი მაქვს, დავამტკიცო, რომ ჩემ მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა. ჩემს ცხოვრებასა და კარიერას ეს პერიოდი ვერ განსაზღვრავს", — განაცხადა დეპმა.

ჯერჯერობით ცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას გრინდელვალდის როლზე, თუმცა, სავარაუდოდ, ამას მალე გავიგებთ.