ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო, ისევე როგორც მთლიანი ოპოზიცია, გააგრძელებს საპროტესტო აქციებს. მისი თქმით, აქცია გაიმართება 21 ნოემბერსაც, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს.

ბოკერია ამბობს, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა, ცუდი ნაბიჯია, მაგრამ, ოპოზიციას უწევს ამის გაკეთება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან, ალტერნატივა ბევრად უარესია.

"არანაირ უპირატესობას იმის, რომ რაღაც საბოლოო თარიღები ვუთხრათ ივანიშვილის რეჟიმს, მათ შორის ამ ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში, არ მივანიჭებ. უახლოესი გეგმა არის ის, რომ შაბათს გაიმართება აქცია. შემდეგ გვაქვს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების იდეა. იცით, რომ მოდის რამდენიმე თარიღი, მათ შორის, ერთ-ერთი საკვანძო თარიღია 21 ნოემბერი, როცა უნდა გაიმართოს ფიქტიური მეორე ტური.

პირველ რიგში, ევროპული საქართველოს და პოლიტიკური სპექტრის პრინციპული პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვიწევს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი არის და ქვეყნისთვის საზიანო.

ამიტომ, ეს ფიქტიური მეორე ტური, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მხრიდან გაპროტესტდება. ამის შემდეგ სამოქალაქო პროცესი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. ეს ვითარება ვერ იქნება შენარჩუნებული, როგორც ნორმალური, ვიდრე არ გაუქმდება არჩევნების ეს შედეგები", — განაცხადა ბოკერიამ.