სირცხვილიას აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი 1 000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

ლექსო მაჭავარიანი 9 ნოემბერს "დაუმორჩილებლობის" აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის პარალელურად სირცხვილიას აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

დარბაზის დატოვების შემდეგ, ლექსო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და სასამართლომ "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის სასიამოვნო გადაწყვეტილება" მიიღო.

"[დაკავება] რა თქმა უნდა, უკანონო იყო. ყველა აქციაზე, რომელსაც ვატარებთ, პოლიცია ცდილობს რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მერე დააჯარიმოს ან "კაპეზეში" ჩასვას, რომ დასაჯოს და ის სულისკვეთება გატეხოს, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ. მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს არ გამოგივათ", — განაცხადა მაჭავარიანმა.

9 ნოემბერს მაჭავარიანის გარდა აქციაზე მოძრაობის სხვა წევრები, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დააკავეს. როგორც აქტივისტები აცხადებდნენ, ისინი რუსთაველის გამზირზე შეშის მიტანისთვის დააკავეს.

სამივეს მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოძრაობა სირცხვილია გადაადგილების შეზღუდვა გააპროტესტა და საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე საპროტესტო აქცია გამართა. მათ შეზღუდვებს "დაუმორჩილებლობა" გამოუცხადეს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.