ტექნოლოგიურ ეპოქაში ეკონომიკის არაერთი ქვედარგი, მათ შორის, ვაჭრობაც, გაციფრულდა. გარდა უმსხვილესი ონლაინ მაღაზიებისა, ინტერნეტსივრცეს საკუთარი პროდუქციის სარეალიზაციოდ ბევრი თანამედროვე კომპანია იყენებს. დისტანციური ვაჭრობა ევროპაში ჯერ კიდევ 70-იან წლებში, ინტერნეტის გამოგონებამდე დაიწყო — მომხმარებლებს ტრანზაქციის განხორციელება საკუთარი ტელევიზორიდან შეეძლოთ.

დღესდღეობით ეს პროცესი მეტად გამარტივებული და მყიდველის ინტერესებზე მორგებულია. ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობის საშუალებით, ონლაინ მაღაზიის გვერდზე თქვენ ნახავთ პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, ამასთან, შეგიძლიათ, ისეთი დამატებითი ფუნქციებით ისარგებლოთ, როგორიც ფასების შედარებაა.

მიუხედავად იმისა, რომ კომფორტულობის დამსახურებით ონლაინ ვაჭრობა 2020 წლამდეც პოპულარობით სარგებლობდა, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ზოგ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავლად პროდუქტის ინტერნეტით გაყიდვა აქცია. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, რამდენად კმაყოფილი იქნება მყიდველი ახალი გამოცდილებით, მეორე მხრივ კი — როგორ სერვისს შესთავაზებს ბრენდი საკუთარ მომხმარებელს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ონლაინ გაყიდვები შედარებით "ახალი ხილია" და კომპანიებს დიდი გამოცდილება არ აქვთ, პროცესში ხელშეწყობა საჭიროა.

ქართული კომპანიებისთვის ხელშემწყობი თიბისის სახით უკვე გამოჩნდა. თიბისი ბიზნესისთვის ფარგლებში განხორციელებული არაერთი პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და ქართული ეკონომიკური სივრცის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

დროული აღმოჩნდა თიბისისა და VISA-ს პარტნიორობით შექმნილი პროექტიც, რომლის მიზანიც იყო, დახმარებოდა კომპანიებს საკუთარი ონლაინ მაღაზიების შექმნაში. მისიად ადამიანებისა და ბრენდებისთვის პანდემიის პირობებში არსებობის გამარტივება იყო და რამდენად გაამართლა ბენეფიციარებისთვის ეს მოლოდინება, ამაზე თავად იმ კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ, ვინც უპრეცედენტო შეთავაზებით ისარგებლა.

ფოტო: თიბისი

როცა Iron Burger პროექტს შეუერთდა, ბრენდს საქმიანობა ახალდაწყებული ჰქონდა და ეგრეთ წოდებული მაშველი რგოლი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

"ჩვენ სტარტაპი ვიყავით და თიბისი ძალიან დაგვეხმარა მის განვითარებაში — ონლაინ მარკეტი, ფაქტობრივად, მან დაგვინერგა, რის საშუალებითაც რესურსების დაზოგვა და მათი სხვა საქმეებისკენ მიმართვა შევძელით", — ამბობს აირონ ბურგერის წარმომადგენელი, ლევან თათოშვილი, On.ge-სთან საუბარში, — "ამასთან გამარტივდა გაყიდვებიც, რადგან ბაზარზე შესვლა და რეალიზაცია ამ პლატფორმით დავიწყეთ".

ფოტო: Iron Burger / Facebook

როგორც ლევანი აღნიშნავს, ტექნიკური მხრივ სირთულეებისდა მიუხედავად, პლატფორმამ გაამართლა, რადგან დღემდე მისი საშუალებით ხდება ოპერირება.

"თავდაპირველად, როცა მუშაობა დავიწყეთ, ობიექტი გახსნილი არ გვქონდა და მხოლოდ ონლაინ რეალიზაციით ვიყავით დაკავებული და ცხადია, ინტერნეტმაღაზია წარმატებული გამოდგა — ობიექტის გახსნამდე პირველი ოთხი თვე შემოსავლის 100 პროცეტნს ამ პლატფორმის მეშვეობით ვიღებდით, შესაბამისად, მოლოდინები ნამდვილად გაგვიმართლდა", — აცხადებს ლევანი.

პანდემიის პერიოდში ონლაინ მაღაზიის მნიშვნელობაზე საუბრობს ვაჟა ცინცაძეც — ფუდ ენდ ბევერიჯ ჯორჯიას წარმომადგენელი, რომელიც ლუდის მწარმოებელი კომპანია 9 მთას მფლობელია.

"ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დროს განსაკუთრებით აქტუალური იყო ონლაინ გაყიდვა და მისი საშუალებით, პრაქტიკულად, ახალი არხი შეიქმნა", — ამბობს ვაჟა, — "და მიუხედავად გართულებული მდგომარეობისა, ვაგრძელებთ მუშაობას. პროექტის საშუალებით 'დელივერის' სერვისიც განვავითარეთ და იგი დღესაც გვეხმარება აქციების წარმართვაში".

ფოტო: 9 მთა • 9 Mta / Facebook

პროექტში ჩართვის მოტივაციაზე საუბრისას ვაჟა ასევე აღნიშნავს, რომ იმ დროისათვის, როცა ქვეყანაში "ლოქდაუნი" გამოცხადდა, სასწრაფო საჭიროებას წარმოადგენდა მომხმარებელთან საკონტაქტო ახალი არხის შექმნა. იდეის რეალიზება, თიბისის დახმარებით, ძალიან მცირე ხანში — ერთ კვირაში — მოხერხდა და საბოლო ჯამში, წარმატებულიც გამოდგა.

ორივე კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობა კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს — შემცირებული სამუშაო საათები და შეზღუდვები, ცხადია, ბიზნესსაქმიანობაზეც აისახება, თუმცა მუშაობა არსებულ სამომავლო გეგმებზე კვლავ გრძელდება.

ფუდ ენდ ბევერიჯ ჯორჯია რესტორნების ქსელის გაფართოებასა და საკუთარი საწარმოს გახსნას გეგმავს საქართველოში; რაც შეეხება აირონ ბურგერს, ლევანის თქმით, ბევრი რამეა დამოკიდებული ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, რადგან ამჯერადაც — საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვამ კომპანიის გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედა.

"თუ ყველაფერი აღდგება და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, გეგმები დიდი გვაქვს", — ამბობს ლევანი, — "დღესდღეობით სამომავლო მოქმედების განსაზღვრა და ზოგადად მომავალზე საუბარი ცოტათი რთულია, რადგან ამ პირობებში არაერთი ობიექტი დაიკეტა და განვითარებაზე მეტად ახლა გადარჩენაზე გვიწევს ორიენტირება".

ფოტო: Artemii Pogodin / Dribbble

თიბისის პროექტი შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია გრძელდება. მეორე ეტაპზე მონაწილეთა მსურველების რეგისტრაცია უკვე განახლდა. ამ და სხვა სიახლეებისთვის თვალის მიდევნება კი თიბისი ბიზნესისთვის ფეისბუქგვერდის საშუალებით შეგიძლიათ.

ამავე თემაზე: