ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოდის ხალხის მობილიზაცია უნდა იყოს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულია და ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის თუ პომპეო ჩამოდის იმ დღესაც უნდა იყოს მასობრივი მობილიზაცია ხალხის. რა თქმა უნდა, მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი არ არის დასაჩაგრი ერი. დაჩაგრეს და შევირჩენთ. ვერ დაგვჩაგრავენ და არც შევირჩენთ", — აღნიშნა სააკაშვილმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თბილისს 17-18 ნოემბერს ეწვევა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.

უწყების ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს.