ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, "სულაც არ აქვს პრობლემა", რომ მარტო დარჩეს და ენმ-ს თავმჯდომარის პოსტი დატოვოს. მისი თქმით, ხანდახან მარტოობა და დეპრესია საჭიროა, რადგან ფიქრის პროცესი იწყება.

"მე პირადად დავიღალე, იმიტომ, რომ მოქალაქეს ვეუბნები და ის მეუბნება, ბატონო გრიგოლ, ხმას მოგცემთ და ამ ხმას დაიცავთ? გამოდის, რომ ამ ადამიანებს მე ვატყუებ 2017 წლიდან. მე აღარ შემიძლია ამის მოთმენა, მე პირადად არ შემიძლია. თუ ამისთვის მარტო დარჩენაა საჭირო, რომ ეს ხმამაღლა ვთქვა, მე ამას ხმამაღლა ვამბობ.

თავმჯდომარის პოსტი და პარტია კი არა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოვედი და მშვენივრად, არ ვიცი, ნორმალურად ვარ და სულაც არ მაქვს პრობლემა, რომ საერთოდ დავუპისირპირდე ყველას", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

კითხვაზე, რატომ საუბრობს დაპირისპირებაზე და მარტო დარჩენაზე, ვაშაძე პასუხობს: "თუ აღმოჩნდა, რომ მარტო ვარ". ხოლო დამაზუსტებელ კითხვაზე, ეხება თუ არა ეს თავისივე პარტიას, მან განაცხადა:

"არა მარტო. საზოგადოების დიდი ნაწილი იტყვის, რომ მოწყვეტილი ხარ შენ რეალობას, საერთოდ არ გესმის რას ლაპარაკობ და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, სრულად შეესაბამება ჩვენს განწყობას", — განაცხადა მან.

ვაშაძემ პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არ პარტიაში ვინმე მის ხედვას და განაცხადა:

"იცით, მე თვლა არ დამიწყია სიმართლე, რომ გითხრათ და ვიცი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი. თვლა არ დამიწყია, მაგრამ იმ ადამიანების აზრი, რომელსაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არავისთან არაფერი არ შემითანხმებია. მაგრამ იმ ადამიანებისგან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩათვლით, მათი მხარდაჭერა, ღია ან პირადული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა მან.

10 ნოემბერს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. განცხადებას კრიტიკა მოყვა ოპოზიციაში, მათ შორის, ენმ-შიც.

ვაშაძემ თავის განცხადებაზე დამატებითი განმარტებები გაავრცელა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.

"დამატებით განვმარტავ:

  1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
  2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
  3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
  4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", — წერს ვაშაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე, გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა.