გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერს გრეის ანატომიის მე-17 სეზონიდან

გრეის ანატომია უკვე მრავალი წელია ერთგულ მაყურებელს სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით მუდმივად აოცებს და გამონაკლისი არც ახალი, მე-17 სეზონი აღმოჩნდა.

12 ნოემბერს ამ საკულტო სამედიცინო სერიალის ჯერჯერობით ბოლო სეზონის პირველი ეპიზოდის პრემიერა შედგა, რომელშიც მაყურებელმა არა მხოლოდ მონატრებული პერსონაჟები, არამედ წლებს წინ ტრაგიკულად გამომშვიდობებული საყვარელი გმირიც იხილა.

დიახ, სერიალში დერეკ შეპარდი გამოჩნდა. თუ არ გჯერათ, აი სერიალის პრომოც:

მსახიობ პატრიკ დემპსის პერსონაჟი მაყურებელმა ჯერ კიდევ 2015 წელს გამოიგლოვა, როცა მისმა სიკვდილმა ფანები შოკში ჩააგდო.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შოუს შემქმნელებს ექიმი შეპარდი არ გაუცოცხლებიათ: ის რამდენიმე წამის განმავლობაში ჩნდება, როგორც მერიდიტ გრეის სიზმრის ნაწილი — ელენ პომპეოს გმირი მას მაშინ ხედავს, როცა კორონავირუსით გაუარესებული მდგომარეობის გამო გონებას დაკარგავს.

როგორც უკვე ვიცით, გრეის ანატომიის ახალი სეზონი კორონავირუსის პანდემიას დაეთმობა. როგორც შოუს შემქმნელები აცხადებენ, ამ მძიმე პერიოდში დერეკ შეპარდის გამოჩენით მილიონობით მაყურებლის გახარება და მცირე შვების მოგვრა სურდათ.

მე-17 სეზონის დასრულებამდე წინ კიდევ არაერთი სერია გველოდება და ვინ იცის, კიდევ რითი შეძლებენ ჩვენს გაოცებას.