როგორც ფილმის რეჟისორი ჯეიმს განი იტყობინება, სილვესტერ სტალონე თვითმკვლელთა რაზმი 2-ის (The Suicide Squad 2) მსახიობთა გუნდს შეუერთდა.

შაბათს, 14 ნოემბერს, განმა თავის Instagram-ზე სტალონესთან ერთად გადაღებული სელფი დადო და განაცხადა: "ყოველთვის მიყვარს ჩემს მეგობართან, @officialslystallone-სთან, მუშაობა და #TheSuicideSquad-ზე ჩვენი დღევანდელი მუშაობა გამონაკლისი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სლაი ფილმების საკულტო ვარსკვლავია, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რამდენად გასაოცარი მსახიობია ის".

როდესაც ფანმა იკითხა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ სტალონე ფილმში მონაწილეობს, განის პასუხი იყო "კი". განს აქამდე უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ გადაღებები თებერვალში დასრულდა, ამიტომ უცნობია, რამდენი ხნით გამოჩნდება სტალონე ფილმში.

განის თვითმკვლელთა რაზმის პრემიერა 2021 წლის 6 აგვისტოსაა დაგეგმილი. მასში მონაწილეობენ მარგო რობი, იდრის ელბა, ჯონ სენა, ჯოელ კინამანი, პიტერ კაპალდი და ვაიოლა დეივისი. განმა, რომელიც ფილმის სცენარის ავტორიცაა, შთაგონება 80-იანი წლების თვითმკვლელთა რაზმის კომიქსებიდან აიღო და სიუჟეტში ახალი პერსონაჟები ჩასვა. სტალონე აქამდე განთან ერთად გალაქტიკის მცველებ 2-ზე (Guardians of the Galaxy Vol.2) მუშაობდა, სადაც მან სტაკარ ოგორდის როლი შეასრულა, რომელიც მოგვიანებით გმირი Starhawk ხდება.

დევიდ ეიერის მიერ გადაღებული 2016 წლის თვითმკვლელთა რაზმის მეორე ნაწილი ჯერ კიდევ მანამ დაანონსდა, სანამ ფილმი გამოვიდოდა. მიუხედავად ამისა, ეიერმა პროექტი 2016 წლის დეკემბერში დატოვა, რათა ფილმ Gotham City Sirens-ზე ემუშავა. Warner Bros.-მა 2017 წლის სექტემბერში The Way Back-ის რეჟისორი გევინ ო'კონორი დაიქირავა, თუმცა შემოქმედებითი ხედვის სხვადასხვაობის გამო ფილმს ისიც ჩამოშორდა. 2019 წლის იანვარში თვითმკვლელთა რაზმის მეორე ნაწილის რეჟისორი ჯეიმს განი გახდა.

ამჟამად HBO Max-ისთვის იქმნება ჯონ სენას პერსონაჟზე ცენტრირებული სპინ-ოფ სერიალი Peacemaker. ამ კვირაში დაანონსდა, რომ სერიალს შეუერთდა Orange Is the New Black-ის მსახიობი დანიელ ბრუკსი, ასევე კრის კონრადი, ჯენიფერ ჰოლანდი და რობერტ პატრიკი. Peacemaker-ის სცენარის ავტორი თვითონ ჯეიმს განია და ის ასევე რამდენიმე სერიას გადაიღებს, მათ შორის საპილოტეს.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს და, ზოგადად, კინოხელოვნება შენი საყვარელი სადისკუსიო თემაა, შემოგვიერთდი ფილმების ჯგუფში.