ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ Moderna განაცხადა, რომ კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინა თითქმის 95% შემთხვევაშია ეფექტიანი და იგი აცრილ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებისგან წარმატებით იცავს. აღნიშნული მაჩვენებელი მოიაზრებს მწვავე შემთხვევებსაც. ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნველოვანი აშშ-სთვის გახლავთ — კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანა ყველაზე მეტად დააზარალა, ხოლო Moderna მათ მიერ ინიცირებული ოპერაციის Warp Speed ფლაგმანია. ამგვარად, აშშ-ში წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი. როგორც წინა კვირას გახდა ცნობილი, ფარმაკოლოგიური კომპანიების Pfizer და BioNTech ექსპერიმენტული ვაქცინა ეფექტიანობას 90%-მდე შემთხვევებში აღწევს.

"ეს საოცრად კარგი ამბავია. თუ მონაცემებს შეხედავთ, ნახავთ, რომ რიცხვები ამაზე მეტყველებენ. მე საკუთარ თავს რეალისტს კი ვუწოდებ, მაგრამ ფუნდამენტურად ფრთხილი ოპტიმისტი გახლვართ. ვგრძნობდი, რომ შესაძლოა ამაზე ნაკლები შედეგი გვქონოდა… მე ვთქვი, რომ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა შესაძლებელი იყო, მაგრამ ამაზე დიდ იმედებს არ ვამყარებდი ", — აღნიშნა ალერგოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ. ის ერთ-ერთია იმ სამი ადამიანიდან, რომელსაც დამოუკიდებელმა კომისიამ მიღებული შედეგები კვირა დილით გააცნო.

Moderna-მ თავისი ვაქცინა სწორედ ენტონი ფაუჩის ინსტიტუტთან კოლაბორაციაში შექმნა. კვლევაში მათ 30 ათასი ადამიანი ჰყავდათ ჩართული. მათი ერთი ნახევარი ვაქცინით, ხოლო მეორე — პლაცებოთი აიცრა. იმისთვის, რომ ვაქცინის ეფექტიანობა განისაზღვროს, ექიმები COVID-19-ის შემთხვევებს დეტალურად აკვირდებიან და აანალიზებენ, თუ როგორ იმუშავა მან პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.

როგორც შუალედური კვლევით გამოიკვეთა, კვლევაში ჩართული 95 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა და აქედან 90 ადამიანი პლაცებოს ჯგუფში იყო. მათ შორის აღმოჩნდა 11 მწვავე შემთხვევაც. რადგანაც ინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა პლაცებო-ჯგუფში იყო, ეს იმის მანიშნებელია, რომ ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტიანია.

კვლევის მონაცემები აკადემიურ გამოცემაში ჯერ არ გამოქვეყნებულა და ვაქცინის ზოგადი ეფექტიანობის მაჩვენებლები კვლევის მიმდინარეობის პარალელურად შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, ენტონი ფაუჩის სიტყვებით, მწვავე შემთხვევებისას ვაქცინის მიერ მიღწეული მონაცემები "საკმაოდ შთამბეჭდავი" გახლდათ. ეს სცემს პასუხს კითხვაზე, რომელიც მეცნიერებს უკვე საკმაო ხანია აწუხებთ: შეუძლია თუ არა ვაქცინას ყველაზე გადაუდებელი შემთხვევების პრევენცია? (კორონავირუსის ვაქცინის ეფექტიანობა იმით იზომება, თუ რამდენად წარმატებულად შეუძლია მას COVID-19-ის ნებისმიერი სიმძიმის შემთხვევის პრევენცია)

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა კომისიამ კვლევის შუალედური შედეგები კვირა დილით გააანალიზა. Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა The Washington Post-ს განუცხადა, რომ შედეგებზე ფიქრისგან თავის დასაღწევად სამუშაოზე კონცენტრირება სცადა, მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ საკუთარ მობილურზე მეილის გამუდმებული შემოწმების გარდა ვერაფერს აკეთებდა. კომისიის ანალიზის შედეგები მან მოგვიანებით შეიტყო.

ამ პანდემიაში ყველაზე მძიმე, საზოგადო ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, ის გახლავთ, რომ ადამიანები იმგვარად ავადდებიან, რომ ისინი ან ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, ან რეანიმაციულ განყოფილებაში ხვდებიან და მათი სიკვდილიანობის რისკიც მაღალია. თუ [ვაქცინა] შეძლებს, რომ 95%-ში თავიდან აიცილოს არა დაინფიცირება, არამედ დაავადების მწვავე მიმდინარეობა, ეს ყველაფერს შეცვლის: ამას გავლენა ექნება ჰოსპიტალებზე, ადამიანთა ფსიქიკასა და სიკვდილიანობაზე

სტეფან ბანსელი, Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი

Moderna ვალდებულია კვლევა ვაქცინის საგანგებო შემთხვევებში გამოყენების ლიცენზიაზე საბუთების შეტანამდე დაასრულოს. ეს კი მოლოდინის რეჟიმში გადასვლას ნიშნავს — COVID-19-ით 151 ადამიანი უნდა დაავადდეს და შემდგომმა შუალედურმა კვლევამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გააანალიზოს. წინა გათვლები ვარაუდობდა, რომ კვლევა, შესაძლოა, შემდეგი წლის დასაწყისისთვის დასრულებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად არსებობს მოლოდინი, რომ იგი ამ ნიშნულს უახლოეს 7-10 დღეში მიაღწევს, განაცხადა ბანსელმა. ამის თქმის საფუძველს მას აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მზარდი სტატისტიკა აძლევს. ახალი შემთხვევების მატება ვაქცინის ეფექტიანობის პრაქტიკულ გამოცდას მნიშვნელოვნად აჩქარებს.

კომპანიას უსაფრთხოების შესახებ საკმარისი ინფორმაცია მადლიერების დღის (26 ნოემბერი) შემდეგ მალევე ექნება. ბანსელი ელის, რომ ვაქცინა განსაკუთრებით მაღალი რისკჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი, შესაძლოა, დეკემბრის მეორე ნახევარში გახდეს.

Pfizer-ისგან განსხვავებით, რომელმაც კვლევაში საკუთარი $2 მლრდ ჩადო, Moderna აშშ-ს მიერ ინიცირებული ოპერაციის Warp Speed მონაწილე გახლავთ. აღნიშნული წამოწყების ძირითადი მიზანი ვაქცინის შემქმნლებისა და მწარმოებლების ფინანსური რისკებისგან დაზღვევა გახლდათ. ამის ფარგლებში აშშ ყველაზე პერსპექტიულ კომპანიებს წინასწარვე აფინანსებდა და მათ კლინიკური კვლევების კოორდინაციაში ეხმარებოდა. Moderna $2,5 მილიარდით დაფინანსდა, მაშინ, როცა Pfizer-მა აშშ-ს მთავრობასთან ვაქცინების შესყიდვაზე კონტრაქტი გააფორმა. ბანსელის კომპანია წლის ბოლომდე 10 მილიონი ადამიანის სამყოფი 20 მილიონი ვაქცინის წარმოებას გეგმავს. შემდეგი წლისთვის ეს მაჩვენებელი 500 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება. თუ კომპანიას ნედლეულთან წვდომა ექნება, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, გაორმაგდეს და 1 მილიარდი ერთეული შეადგინოს.

ჩვენ გვექნება ვაქცინა, რომელსაც COVID-19-ის შეჩერება შეუძლია

სტეფან ბანსელი, Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზიდან ირკვევა, ორაცრიანი ვაქცინის პოტენციური გვერდითი ეფექტები უმეტესად მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმისაა. მათში მოიაზრება: ნანემსარის ადგილის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი.

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ორივე მწარმოებლის, Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინების შეისწავლის. თუმცა, დამაიმედებელი წინასწარი შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ მაღალი რისკჯგუფებისათვის ორივე მათგანი ხელმისაწვდომი შესაძლოა წლის ბოლომდე გახდეს. ენტონი ფაუჩი პროგნოზირებს, რომ სამედიცინო სფეროს მუშაკები და ქრონიკული დაავადების მქონე ის ადამიანები, რომელთაც ინფიცირების შემთხვევაში მწვავე დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ, აცრას ამ წლის ბოლოს შეძლებენ. ამ პროცესს, სავარაუდოდ, 4 თვე დასჭირდება და 2021 წლის აპრილიდან ვაქცინა უკვე უფრო ფართო მოხმარებისათვის გახდება ხელმისაწვდომი.

ამჟამად, მთელი ყურადღება ვაქცინიდან ლოჯისტიკურ საკითხებზე, ანუ მის წარმოებასა და დისტრიბუციაზე გადაერთვება. Pfizer-ის ვაქცინა ამ მხრივ პრეტენზიულია — იგი განსაკუთრებით ცივ ტემპერატურაზე, -70°C-ზე ინახება და იგი ვაქცინაციის ტიპიური გარემოსთვის ადაპტირებული არ არის. კომპანია ამ პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობს: ტრანსპორტირებისთვის Pfizer-მა უკვე დაამზადა სპეციალური მაცივარი, რომელიც GPS-თერმული სენსორებით არის აღჭურვილი. მიუხედავად იმისა, რომ Мoderna-ც იგივე, ინფორმაციულ-რნმ-ზე (mRNA) დაფუძნებულ ტექნოლოგიას იყენებს, უპირატესობა მაინც მის მხარეს იხრება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი პროდუქტი სამაცივრე ტემპერატურაზე (2°C-8°C) 1 თვით, ხოლო გაყინულ მდგომარეობაში (-20°C) — 6 თვით ინახება. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ხანგრძლივ ტრანსპორტირებასაც მარტივად აიტანს. განსხვავებით Pfizer-ის ვაქცინისგან, იგი გაკეთებამდე მომზადების ფარგლებში განზავებას არ საჭიროებს.

აღნიშნული სიახლე პირდაპირ აისახა კომპანიის აქციების ფასზე, რომელმაც ევროპისა და უოლ-სტრიტის ბირჟებზე 12%-ით მოიმატა.

Мoderna-ს ვაქცინა აშშ-ს გარეთ ხელმისაწვდომი შემდგომ წლამდე არ იქნება. როგორც სტეფან ბანსელმა განაცხადა, შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემთხვევაში ვაქცინები ევროპის რეგიონისთვის ხელმისაწვდომი "ყველაზე ადრე იანვარში" იქნება. მოლაპარაკების ფარგლებში ევროკავშირი 80 მილიონიდან 160 მილიონამდე ვაქცინას შეიძენს.