ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი არჩევნების დღეს სირცხვილის დერეფნების მოწყობის იდეას აკრიტიკებს, რომელიც მისმა თანაპარტიელმა, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში, აქციაზე გააჟღერა.

"არ ვიცი, იდეა, მოქალაქეებისთვის მეორე ტურზე სირცხვილის დერეფნების მოწყობის, ვის ეკუთვნის. მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ", — წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

15 ნოემბერს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები გააკეთონ.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სირცხვილის დერეფნები არჩევანის უფლების აკრძალვის მცდელობაა. ევროპული საქართველოში ამბობენ, რომ სირცხვილის დერეფნებში მონაწილეობას არ აპირებენ.