ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ეთანხმება ყველას, ვისაც ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობის იდეა არ მოსწონს.

"სრულიად ვეთანხმები ყველას, ვისაც თუნდაც ოცნების ამომრჩევლისთვის (იდეაც რომ იყოს) სირცხვილის დერეფნები არ მოსწონს. სირცხვილის დერეფნები გაკეთებული ჰქონდათ ე.წ კრიმინალირ ელემენტებს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. ყველას იწერდნენ, ატერორებდნენ.. ჩვენ ამ არჩევნების მეორე ტურში არ გავდივართ. ოცნების კანდიდატებს გადაწყვეტილი აქვთ ისევ შეაწუხონ ხალხი, იძალადონ, მიიყვანონ. მეორე ტურები არ არსებობს - ეს უნდა გავითავისოთ!!! ოცნების ამომრჩეველს კი უნდა ვესაუბროთ ბევრი რომ არჩევნები მათაც მოპარეს და რატომ არის ბიძინა დიდი საფრთხე", — წერს დეკანოიძე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული. ოპოზიცია მასში არ მონაწილეობს, რადგან 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ.

15 ნოემბერს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები გააკეთონ.