ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის თქმით, მელიამ უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე სდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიში მოიხადოს.

"არჩევნების დღიდან მოყოლებული, არ მინდოდა ჩემი ოპონენტის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება. ვთვლიდი, რომ არეულობის ინსცენირება და დრამების დადგმა უბნებთან მათი ჩვეული საარჩევნო სტრატეგია იყო და ჩვენგან ყველაზე სწორი რეაქცია ამ სპექტაკლების იგნორირება იქნებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სიბინძურის დასრულებას არ აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკანორ მელია. ახლა, როცა ვანდალიზმს და სისხლის სამართლის დანაშაულს გვაბრალებენ, უპასუხოდ ვერ დავტოვებ კანდიდატი მელიას ცილისწამებას. მათ ვერ აუწყეს ფეხი ვერც დროს, ვერც ახალ პოლიტიკურ რეალობას და ვერც ამომრჩეველს. მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა. მის დონეზე არ და ვერ დავალ! დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი უწყებებები აუცილებლად დაადგენენ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რატომ და ვინ გააჩინა ხანძარი ნიკანორ მელიას ერთ-ერთ ოფისში და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", — წერს კობიაშვილი.

კობიაშვილის თქმით, ნიკა მელიას ბრალდებებს უპასუხოდ ვერ დატოვებს და აღნიშნავს, რომ მისმა პარტიამ არსებობის მანძილზე, 2003 წლიდან მოყოლებული ბრძოლის მეთოდები ვერ შეცვალა.

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას შტაბზე თავდასხმა მოხდა. როგორც On.ge-ს მელიას შტაბის წევრმა განუცხადა, ოფისს ქვები და, სავარაუდოდ, ე.წ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. დამწვარია ოფისის ავეჯი.