ერგნეთში ხვალ, 20 ნოემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში დაგეგმილი 98-ე შეხვედრა გადაიდო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ შეხვედრის ჩაშლის მიზეზი Covid-19-ის მიზეზით შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. სუს-ში აცხადებენ, რომ მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, დეკემბრის პირველი ნახევრისთვის გაიმართება.

ერგნეთში, IPRM-ის ფარგლებში ბოლო, 97-ე შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა. ბოლო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ 85 დღიანი პატიმრობის შემდეგ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებ ხვიჩა მღებრიშვილს გაათავისუფლებდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, თამარ მეარაყიშვილის დევნის, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების, ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე 4 თვეზე მეტია ცხინვალის ციხეში იმყოფება.