პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევანი გააკეთა იმის სასარგებლოდ, რომ საარჩევნო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. მისივე თქმით, ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლოს. ამის შესახებ მან საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის დროს განაცხადა.

"მეორე ტურში, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად საარჩევნო პროცესი დასრულდეს. ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ ტურში, პანდემიის დროს, ასევე, მეორე ტურში, პანდემიის დროს, გარდა იმისა, რომ გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, ყველა იმ პოლიტიკოსმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში. ეს არის ყველაზე მთავარი. რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა. ეს არის როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, დავალება, ასევე, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოები", — განაცხადა მან.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.

ამასთან, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.