ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის აქტივობა ბუნერივია.

"აქტივობას რაც შეეხება, ეს არის ძალიან ბუნებრივი. ზოგადად, ყველა მეორე ტურში საქართველოში რაც იმართებოდა და დღესაც აცდენა ამ სტატისტიკისგან არ იქნება, ფიქსირდება შედარებით დაბალი აქტივობა. თუ სწორად მახსოვს, 50%-ზე მეტი იყო 2016 წლის არჩევნების პირველი ტურის აქტივობა, მეორე ტურში ჩამოვიდა 36-37%-მდე. აგრეთვე, ბუნებრივია სერიოზულ გავლენას ახდენს მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გავლენას ახდენს ოპოზიციის საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ არ მივიდნენ მათი მხარდამჭერები არჩევნებზე", — განაცხადა მდინარაძემ.

მან დაასახელა კიდევ რამდენიმე "მიზეზი". მაგალითად ის, რომ ოპოზიციის კანდიდატებიდან 14 უკვე პროპორციული სიითაა გასული პარლამენტში და "ინტერესი დაბალია". ასევე, პატარა პარტიები, რომელთაც არ ჰყავთ კანდიდატი მეორე ტურში, "ინტერესს კარგავენ".

"ბუნებრივია, გაცილებით დაბალი იქნება აქტივობა, ვიდრე პირველ ტურში, თუმცა არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციისთვის მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რამდენი ამომრჩეველიც მივა, ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას", — თქვა მდინარაძემ.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.

ამასთან, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.