ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში ყველა თემაზე შესაძლებელია საუბარი გარდა იმისა, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედოს და მოხდეს რევიზია.

" ამ შემთხვევაში ბევრ თემას შეეხნენ ისინი და ყველა თემაზე შესაძლებელია საუბარი გარდა იმისა, რომ ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილება გადაიხედოს და მოხდეს რევიზია", — განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, კომპრომისის მიღწევა ოპოზიციის მიერ ულტიმატუმზე უარის თქმით იქნება შესაძლებელი.

"თუკი მათი რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური, როგორიც აქამდე იყო და მათი პირობა ისე ულტიმატუმის სახით იქნება წარმოდგენილი, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში კომპრომისზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ როგორც კი ამ წითელ ხაზს გადაკვეთავენ, ოღონდ ამ შემთხვევაში პოზიტიური გაგებით,ბუნებრივია, შემხვედრი წინადადებებიც იქნება ჩვენი მხრიდან. თუ ისინი იფიქრებენ და თავის თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახავენ ულტიმატუმის, ანუ ყველაზე რადიკალური პოზიციის ჩახსნაში, ამ შემთხვევაში ყველა ვხვდებით, რომ უკვე შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა", — განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.

ამასთან, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.