ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს თბილისის მერიას, არ დაიწყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი და სახლ-კარის გარეშე არ დატოვოს იქ მცხოვრები ადამიანები.

EMC-ს თქმით, უნებართვოდ აშენებული შენობები, ხშირად, ერთადერთი თავშესაფარია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და ქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადება, მსგავსი შენობების სასწრაფო დემონტაჟის შესახებ, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და არღვევს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ COVID-19-ის გავრცელებისა და კლიმატური პირობების გაუარესება გაამწვავებს საცხოვრებლის დაკაგვით გამოწვეულ ზიანს.

"თბილისის მერის ეს განცხადება ნათლად აჩვენებს უსახლკაროთა მიმართ მუნიციპალიტეტის ნულოვან მგრძნობელობას, საკუთარი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების უგულვებელყოფას, რასაც თან ახლავს მასობრივი სადამსჯელო ღონისძიების დაანონსება ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების მიმართ", — წერია განცხადებაში.

EMC მოუწოდებს თბილისის მერიას დაუყოვნებლივ მოახდინოს ქალაქის ქუჩებში მცხოვრები მიუსაფარი პირების იდენტიფიკაცია და უზრუნველყოს ისინი თავშესაფრით; შეაჩეროს უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და პირიქით, შეისწავლოს იქ მცხოვრები ადამიანების საჭიროებები და იზრუნოს მათ მხარდაჭერაზე; ასევე, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას, იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით.

EMC მიმართავს მთავრობასა და პარლამენტსაც, გადაიხედოს კანონმდებლობა და შეუსაბამოს იგი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.

25 ნოემბერს გამართულ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე, მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას ქალაქის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული შენობა ნაგებობების სასწრაფო დემონტაჟი დაავალა.

"კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების უკანონოდ მითვისება. ეს არც ჩემია, არც თქვენი. ეს სახელმწიფოს საკუთრებაა და არავის უნდა მივცეთ იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მიიტაცოს. იმ ადამიანებს რა პასუხს ვცემთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?!" — განაცხადა კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით კონსულტაციები ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრთანაც და საჭიროების შემთვევაში შენობების დემონტაჟისა და ადამიანების გამოსახლების პროცესში შს სამინისტროც ჩაერთვება.

გაიგეთ მეტი:

კალაძის თქმით, უკანონო შენობების დემონტაჟი დღესვე დაიწყება