სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე აქვთ, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში 100 ლარიან დახმარებას დაუნიშნავს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"გარდა ამისა, ოჯახებს, რომელთაც ნულიდან 100 ათას ქულამდე აქვთ და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარით დაეხმარება", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვის დრო გაიზარდა და 28 ნოემბრიდან 22:00 საათის ნაცვლად, გადაადგილება 21:00 საათიდან იქნება შეზღუდული. შეზღუდვები 31 იანვრამდე იმოქმედებს.

მათივე განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ორი ღამით, ახალ წელსა და შობის ღამეს მოიხსნება. ეს იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე გადადგილება ნებადართულია. ასევე, 6 იანვრის ღამით.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

გაიგეთ მეტი ახალ შეზღუდვებზე:

26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: