თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილების გამყიდველები მთავრობის რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელთა მიხედვით, მათ გარე სივრცეში ვაჭრობა აეკრძალათ.

ყვავილების გამყიდველების თქმით, გუშინ საღამოს მათთან შრომის ინსპექცია მივიდა და განუმარტა, რომ დღეიდან მუშაობას ვეღარ შეძლებდნენ. დღეს დილიდან ისინი კვლავ შეიკრიბნენ და ითხოვენ, მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცეთ. ადგილზე პოლიციის რამდენიმე მანქანაა მობილიზებული.

"ვითხოვთ მუშაობას, რომ მშიერი არ დამეხოცონ შვილები და შვილიშვილები. ვთქვათ, მე დავჯდები სახლში, შემინახავს ეს მთავრობა? ის 300-ლარიანი დახმარება არავის მიგვიღია. და ვინც ეს კანონი შემოიღო, იმას და მის შვილებს ეყოფათ ერთჯერადი 200 და 300 ლარი?", — ამბობს On.ge-სთან ყვავილების გამყიდველი.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ონლაინმუშაობაზე ვერ გადავლენ, რადგან მათი მომხმარებელი იაფიან ყვავილებს ყიდულობს, ამიტომ ადგილზე მიტანისთვის კიდევ 5 ლარს არ დაამატებს.

"ყველამ ხომ უნდა იარსებოს? ჭამა ხომ უნდა ამ ხალხს? უმრავლესობა მუშაობს პურის ფულისთვის. ქარხანა-ფაბრიკები მუშაობს თუ რა? რით უნდა ვიარსებოთ? ვის აქვს თანხა გადანახული?!", — უთხრა On.ge-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ყვავილების გამყიდველებთან ერთად, ტერიტორიაზე არიან შეკრებილები ის ადამიანებიც, რომლებიც თაიგულებს ამზადებენ. მათი თქმით, უკვე შეძენილი აქვთ ყვავილები, რომლებიც ფუჭდება.

"მე ამაში ფული მაქვს გადახდილი, ეს თუ არ ამოვყიდე, რა უნდა ვქნა? პურის ფული მაინც ხომ უნდა მქონდეს? კი ბატონო, მოგვცენ ყოველთვიური დახმარება და სიხარულით წავალ სახლში, მაგათ ჰგონიათ, მე არ მინდა, რომ სახლში ვიჯდე ნორმალურად?!", — აცხადებს აქციის მონაწილე.

მეყვავილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახების ერთადერთი შემოსავალი დღის განმავლობაში ყვავილების გაყიდვით მიღებული ფულია. მეყვავილეები დაშლას არ აპირებენ — მათ გაფრთხილებას ხელი არ მოაწერეს და ელოდებიან, რომ დააჯარიმებენ. მათი თქმით, ამჟამად შრომის ინსპექცია ამას ადგილზე მყოფი ჟურნალისტების გამო ერიდება. აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათთან სასაუბროდ მთავრობის წარმომადგენლები მივლენ და საკუთარი პრობლემების მათთვის გაზიარებას შეძლებენ.