იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, ახალი დადგენილების თანახმად, რომელსაც საბჭო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებით ხსნის, საჯარო მოსმენაზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება.

მათ შორის, იზღუდება მედიის წარმომადგენლების უფლება გადაიღონ ეს პროცესი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მედიის მიერ ვიდეო და ფოტოგადაღება მხოლოდ საჯარო მოსმენის დაწყებისას დაიშვება. გარდა ამისა, ახალი დადგენილების მიხედვით, მცირდება გასაუბრებისას კითხვა-პასუხის დროც.

"საბჭოს წევრს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისათვის გამოეყოფა დრო — 30 წუთი. საბჭოს წევრის მიერ კანდიდატთან გასაუბრების დროის გაგრძელება დასაშვებია, საბჭოს წევრის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს ძირითადი დროის ნახევრისა — 15 წუთისა", — ვკითხულობთ დადგენილებაში.

ამასთან, განისაზღვრება საბჭოს წევრების მიერ დასმული კითხვებიც, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით კანდიდატთა შეფასების მიზნით საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

"კითხვის დასმა უნდა განხორციელდეს კანდიდატის შესახებ წინასწარ შექმნილი განწყობის გამოვლენის გარეშე", — ნათქვამია დოკუმენტში.

ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, თუ საბჭოს წევრის მიერ კითხვის დასმა ამ მუხლის მე-10-მე-12 პუნქტებით განსაზღვრულ წესს დაარღვევს, საბჭოს სხვა წევრს უფლება ექნება გამოთქვას პროტესტი და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილი იქნება შეკითხვის ინიციატორ წევრს მისცეს შენიშვნა. წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი, მიიღოს გადაწყვეტილება საბჭოს წევრის მიერ დასმული კითხვის განრიდების თაობაზე..