გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გირჩი TV-ს ეთერში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მისი თანაპრტიელის, იაგო ხვიჩიას განცხადებასა და ზოგადად ბავშვთა პორნოგრაფიაზე ისაუბრა.

ჯაფარიძე განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებისთვის და ამის რამდენიმე მაგალითს ჩამოთვლის. მისივე თქმით, სასამართლომ უნდა დაადგინოს ბავშვთა პორნოგრაფიის მომხმარებელი ხომ არ არის მოძალადე ან საფრთხის შემცველი, რის გამოც ის იზოლირებული უნდა იყოს.

"ჩვენ ადამიანები ვართ ძალიან ცნობისმოყვარე არსებები, მათ შორის ერთ-ერთი რაც ყურადღებას იზიდავს არის, რა საშინელება შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს და ეგეთი რაღაცები ადამიანებს გვაინტერესებს. თუ უბრალოდ ადამინმა ინტერესის გამო გადმოტვირთა ან ენახა, რომ ენახა, შეიძლება თუ არა ამაზე ცოცხალი ადამიანი წავიდეს, არ მგონია, რომ ამის გამო უნდა დაისაჯოს. ისევე, როგორც სხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება, სამეცნიერო კვლევას აკეთებდეს ბავშვთა პორნოგრაფიაზე, რომელიც შეიძლება ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენოს ვიღაცამ. შეიძლება მუღამი ჰქონდეს ვიღაცას, თვითონ ებრძვის ბავშვთა პორნოგრაფიას, ამის გამო იყიდა და გადმოტვირთა, რომ რაღაცნაირად დაუპირისპირდეს. თუ ტიპი ყიდულობს, კოლექცია აქვს და სიამოვნებას იღებს მათი ყურებით ან, პირიქით, სიამოვნებას ვერ იღებს გარდა მათი ყურებისა, ეს ადამიანი არის ავად. დასჯა-არდასჯაზე როცა მიდის საუბარი, მნიშვნელოვანი ამბავია, ჩემი აზრით, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ეს ადამიანი თავისთავად ხომ არ არის მოძალადე და ხომ არ არ წარმოადგენს საფრთხეს, თვითონ ხომ არ არის მსგავსი რაღაცის გამკეთებელი. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, კი, ასეთი ადამიანის იზოლირება უნდა მოხდეს. შეიძლება არა ციხეში და სპეციალურ დაწესებულებაში, მაგრამ ამ შემთხვევაში იზოლირება უნდა მოხდეს", — განაცხადა ჯაფარიძემ.

გირჩს ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა. ის ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მან ამ ამბავზე 29 ნოემბერს ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.