ლელოს ოფიში ოპზოციის შეხვედრის დასრულების შემდეგ გირჩის ერთ-ერთმა ლოდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი პოზიცია წარმოადგინა და მორიგი შეხვედრა სწორედ ამაზე მსჯელობას დაეთმო.

"ქართულმა ოცნება წარმოადგინა თავისი წინადადება, მიდიოდა პოზიციების შეჯერება ამ წინადადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შიგნით. ჩვენ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ხვალ, შესაძლოა, ზეგ მოლაპარაკების მესამე ტურს ველოდებით", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ორი დღის წინ, ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ ოპოზიციამ წარადგინა წერილობითი მოთხოვნა და ელოდებოდნენ ასეთივე, წერილობით მოთხოვნებს ქართული ოცნებისგან.

"ფუნდამენტურად, ჩვენს მოთხოვნებში ცვლილებები არ არის. ჩვენ, უბრალოდ, დავაკონკრეტეთ, დეტალიზებული წერილობითი მოთხოვნები გადავეცით ფასილიტატორებს. გვაქვს პირობა, რომ არ უნდა ვილაპარაკოთ ამ დეტალებზე მედიასთან. ველოდებით ასეთივე წერილობით პასუხს ქართული ოცნებისგან", — განაცხადა ნაყოფიამ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს მართავენ, რათა პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს და კრიზისი, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვა, განიმუხტოს.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.