შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ დაწესებული შეზღუდვების გასამართლებლად საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ფოტოები მიიტანა, რომლებზეც, მისი თქმით, სხვა ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვებია ასახული. მისივე განცხადებით, შეზღუდვებს სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, თითქოს მსგავსი ფორმა საქართველოს მთავრობამ მოიგონა. ფოტოების წარდგენისას ის ამტკიცებდა, რომ შეზღუდვები სხვა ქვეყნებშიცაა.

"მინდა წარმოგიდგინოთ სურათები, ევროპის მასშტაბით. ეს არის სურათი საფრანგეთში, სადაც მსგავსი ნივთები აკრძალულია ყველგან და ეს არის არამხოლოდ ფრანგული, არამედ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ასევე, ამერიკაში მსგავსი შეზღუდვებია დაწესებული. ასევე, ეს არის ბრიტანეთი, სადაც მსგავსი ტიპის შეზღუდვები არის დაწესებული. ასევე, წარმოგიდგენთ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით აკრძალვებს, ესეც არის ბრიტანული მაგალითი. ეს არის გერმანული, სადაც ასევე შეზღუდვები არის დაწესებული", — განაცხადა მან და ფოტოები წარადგინა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო

ფერაძემ კვლავ განმარტა, რომ შეზღუდვები მობილობის შესამცირებლად წესდება. ის ამტკიცებს, რომ საქართველოში უფრო მსუბუქი ფორმები აქვთ შერჩეული.

"მე მესმის, რომ ეს არის დისკომფორტის შემქმნელი თითოეული მოქალაქისთვის, სწორედ ამიტომ არის შეზღუდვა და არა აკრძალვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს. სხვა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ბრიტანეთმა დაამტკიცა სია, სადაც პროდუქტები არის უშუალოდ ჩამოთვლილი, თუ რომელი პროდუქტის რეალიზებაა სხვასხვა სასურსათო მაღაზიაში შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ გაცილებით მსუბუქი მიდგომები გვაქვს და მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი ტექნიკა არის, ტანსაცმელი, ავეჯი, მსხვილი მიმართულებით შეზღუდული", — განაცხადა მან.

კიდევ ერთი არგუმენტად კონკრეტული საქმიანობების შეზღუდვის გასამართლებად ფერაძემ "ადამიანის ქცევა" მოიყვანა. კერძოდ, მისი განმარტებით, შეზღუდულია ისეთი პროდუქციის გაყიდვა, რომელიც "ადამიანის ქცევაში ხანგრძლივ დაყოვნებას" გულისხმობს. მაგალითად, მან განაცხადა, რომ ტელევიზორის ან კომპიუტერის შეძენისას ტექნიკური მახასიათებლების შერჩევა მოითხოვს დაყოვნებას, ისევე, როგორც ტანსაცმლის ყიდვისას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო პროდუქციის გამყიდველი დაწესებულების დახურვას და დისტანციურ შესყიდვებზე გადასვლას, კრიტიკა და საპროტესტო აქციები მოყვა.