პოლონეთის ელჩის საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებით, მას აინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო გზების მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიებს. ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს სწრაფი კორიდორი აღმოსავლეთიდან დასავლეთით და სამხრეთიდან ჩრდილოეთით. ამ სექტორში ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს. ჩვენ გავხდით ძალიან კარგი სპეციალისტები ამ მიმართულებით. მე მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის, ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რაც ჩინურზე უკეთესია", — განაცხადა მან (BMG-ს თარგმანი).

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩების კლუბი საქართველოში, გაოცებული იყო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ევროკავშირის თანხებით საქართველომ ჩინეთთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

"პრობლემა გაცილებით უფრო რთულია. ჩინური კომპანიები გვთავაზობს ყველაზე დაბალ ფასს, და ყველაზე მიმზიდველ პირობებს. ისინი აშენებენ მათი მეთოდით, არ ვამბობ იმას, რომ რაც ჩინურია, ცუდია. თუმცა, ფასი არის უფრო კარგი შეფასების კრიტერიუმი? თანხების უმრავლესობა მოდის ევროკავშირიდან, კონკრეტულად ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, რომლითაც საქართველო სარგებლობს", — აღნიშნა მან.

ელჩის თქმით, ძალინ კარგი კომპანიები არსებობს ავსტრიაში, გერმანიაში თუ პოლონეთში, რომელთაც მაღალი ხარისხის შეთავაზება საიმედო ფასად შეუძლიათ, ამიტომ მისი თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება მასში ინტერესს იწვევს.