ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ერთმანეთის მიმართ თავდასხმისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, ახლა საერთო საქმის კეთებაა მნიშვნელოვანი.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მთავარი იდეა, რის გამოც შეიკრიბა ოპოზიცია, იყო რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და საარჩევნო სისტემის სრული რეორგანიზაცია.

"კატეგორიულად ვემიჯნები და მოვუწოდებ ყველას რომ თავი შეიკავოს, ოპოზიცია მყავს მხედველობაში, ერთმანეთის მიმართ თავასხმებისგან. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის საფუძველი არსებობს ამისათვის. ყველას უნდა ეყოს დღეს იმის მოთმინება, რომ აქ ერთმანეთზე თავდასხმა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საერთო საქმის გაკეთება", — განაცხადა ხაზარაძემ.

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შევა. მის ამ განცხადებას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული. ოპოზიცია პარლამენტში შესვლას კვლავ არ აპირებს. შემჭიდროვებული ვადების პირობებში ელჩების შუამავლობის გრძელდება მოლაპარაკება ქართულ ოცნებასთანაც.

ორივე მხარე აცხადებს, რომ მათ აქვთ თანხვედრა საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, თუმცა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და პლებისციტის ჩატარების საკითხში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.