აიდაჰოს შტატში მდებარე ანა ფრანკის მემორიალი, რომელიც აშშ-ში ერთადერთია, ვანდალური ფაქტის ობიექტად იქცა.

ქალაქ ბოისეში, შოას, იგივე ჰოლოკოსტის ყველაზე ცნობილი მსხვერპლის მოსაგონებელ ადგილზე სვასტიკა გამოსახეს. ამის შესახებ ადგილის მფლობელი, Wassmuth Center იტყობინება.

სტიკერზე, გამოსახული სვასტიკის გარდა, სიტყვებიც წერია: "ჩვენ ყველგან ვართ".

Wassmuth Center 1996 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს გამორჩეული ადამიანური ისტორიების მოსაგონებელ მემორიალებად ქცევას. 2002 წელს ცენტრმა ანა ფრანკის მემორიალი გახსნა, რომელიც, მათი თქმით, "ფრანკის კაცობრიობისადმი რწმენითაა" შთაგონებული.

"ცხადია, ძალიან სევდიანი დღეა", — ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, დენ პრინცინგი, — "სამწუხაროა, რომ ეს იმის განაცხადია, რასაც ჩვენ და ჩვენი საზოგადოება წარმოვადგენთ. მემორიალი დედაქალაქის შუაგულში მდებარეობს. სიძულვილის ასეთი აშკარა გამოხატულება, ასე დაუფარავად მიმართული, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ამასთან, ჩვენ ვიაზრებთ, რომ მემორიალისთვის დაცვის სისტემის ამოქმედება გვჭირდება".

პრინცინგი დასძენს, რომ ადგილი არ დაზიანებულა, მხოლოდ სტიკერის ნაკვალევია წასაშლელი.

ფოტო: Wassmuth Center

მემორიალი, რომელიც რიგითი ადამიანების, კომპანიებისა და ფონდების შეწირულობით გაიხსნა, ორგანიზაციის დირექტორის თქმით, ჩვენი საზოგადოებრივი ღირებულებების ამსახველია.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთია ასეთი ღირებულებაა, წინ აღვუდგეთ სიძულვილს", — აცხადებს პრინცინგი.

მემორიალი ასევე მოიცავს ანა ფრანკის რეალური ზომის ქანდაკებას. მასზე ებრაელი გოგო საკუთარი დღიურითაა გამოსახული და იმ საიდუმლო სამალავის ფანჯრიდან იყურება, რომელშიც მან და მისმა ოჯახმა 761 დღე გაატარეს, სანამ 1944 წლის აგვისტოში მათ ნაცისტები მიაგნებდნენ და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნიდნენ. საკონცენტრაციო, იგივე სიკვდილის ბანაკებში, მილიონობით ებრაელთან ერთად, დაიღუპა ანა ფრანკის ოჯახის ყველა წევრი, გარდა მისი მამის, ოტო ფრანკისა, რომელმაც შვილის ოცნება — წიგნის გამოცემა — დამოუკიდებლად მოახერხა.

"რაც მოხდა, ვეღარაფერს შევცვლით", — ამბობდა ოტო ფრანკი, — "ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, წარსულის და იმის ხსოვნაა, რას ნიშნავს უდანაშაულო ხალხის დისკრიმინაცია და დევნა. მიმაჩნია, რომ მასთან ბრძოლა ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა".

ბოისეს პოლიციის განყოფილება მედიაგამოცემების მიერ კომენტარის თხოვნას არ გამოხმაურებია.