ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მანდატებზე უარი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თქვას, მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის "გზა" აირჩია.

"ბლოკმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, რესპუბლიკელებმა ამ შემთხვევაში აირჩიეს ელისაშვილის გზა. მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რადგან არ შეიძლება მათი შეცდომაში შეყვანა. მოლაპარკებების გაგრძელება-არგაგრძელებასთან საპარლამენტო მანდატი არაფერ შუაშია. ის, რომ ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები არ გაგრძელდება. ეს ტყუილია", — განაცხადა ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.

დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, თუმცა მოპოვებულ 2 მანდატზე უარს მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იტყვიან.

დღე მეათე მოწვევის პარლამენტი ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას. უკვე რამდენიმე კვირაა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მართალია, მხარეები დეტალებს არ ასაჯაროებენ, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეულ პუნქტებზე აზრების დაახლოება მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისთვის "პრინციპული საკითხები", როგორიცაა რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ქართული ოცნებისთვის კვლავ წითელ ხაზად რჩება.