მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება შედგება, მას არ მოუწევს მანდატის მოთხოვნა, განსხვავებით მათგან, ვინც უკვე თქვა უარი პარლამენტის წევრის სტატუსზე.

"დღეს რა პერფორმანსიც ვნახეთ, ეს მანდატებზე უარის თქმა და რაღაცები, ეს არის სიყალბე. ჩემთვის, ეს იყო სიყალბე. მე თუ ხვალ ვჯდები მოლაპარაკების მაგიდაზე და დღეს მანდატზე ვამბობ უარს, იმ მოლაპარაკებაზე თუ არის შანსი რომ ისევ მოვილაპარაკო, მე ისევ კობახიძესთან აღარ მივალ მანდატის სათხოვნელად. ვინც ამას აკეთებს, მოუწევთ ისევ კობახიძესთან მისვლა მანდატის სათხოვნელად. ამაში არის სხვაობა. სანამ ასეთ რაღაცებს გააკეთებ, ჯობია, რომ პროცესი მიიყვანო ბოლომდე", — განაცხადა იოსელიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.

იგი ამბობს, რომ მანდატებზე უარის თქმა მოლაპარაკების დასრულებამდე არის გზავნილი ფასილიტატორი ელჩებისთვის, რომ მათი მონაწილეობა პროცესში არაფერს ნიშნავს.

"ეს ხომ ამავე დროს ელჩებისთვისაც არის გზავნილი, რომ მათი მონაწილეობა არაფერს არ ნიშნავს. შენ თუ დღეს მანდატზე ამბობს უარს, მაშინ სადღა მიდიხარ? რა მოლაპარაკებაზე მიდიხარ?პერფორმანსების დრო, მით უმეტეს, არ არის", — განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით ცესკოს უკვე მიმართა. იქამდე, ისინი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ და საპარალამენტო მანდატებზე უარს თქმის გადაწყვეტილება საჯაროდ დაადასტურეს. ხელის მოწერის ცერემონიას ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ მოქალაქეები არ ესწრებოდნენ. პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, ვინც ამ განცხადებას ხელი მოაწერა, ხალხი მოატყუეს.

გაიგეთ მეტი: