ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელის, ელენეე ნიჟარაძის თქმით, თუ ირაკლი კობახიძეს კითხვები აქვს, ეს მიმართული ცესკოსკენ უნდა იყოს და არა სამართლიანი არჩევნებისკენ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ რაც გამოვავლინეთ პრობლემები, ამაზე გვქონდა წარდგენილი საჩივრები და ამაზე ძალიან ცალსახად რეკომენდაციაც მივეცით და მოვუწოდეთ საარჩევნო ადმინისტრაციას, შეესწავლა ეს უბნები, გადაეთვალა მასალები და ეთქვა რა პრობლემას ჰქონდა ადგილი: იყო ეს მართლა ტექნიკური ხარვეზი, თუ გაყალბება, როგორც ეს საზოგადოების ნაწილს მიაჩნია. მათ ეს არ გააკეთეს, მიზანმიმართულად თავი აარიდეს გადათვლას, არ დააკმაყოფილეს საჩივრები და ამან გააძლიერა საზოგადოების ეჭვები, რომ რაღაც პრობლემა არსებობდა", — განაცხადა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ის ოქმები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, ისევ ხელმისაწვდომია და კობახიძეს შეუძლია გამოითხოვოს და გადაამოწმოს.

"ბატონ ირაკლი კობახიძეს თუ რამე კითხვები აქვს, უნდა ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, რადგან ეს ოქმები შედგენილია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. სამართლიან არჩევნებს არანაირი ოქმები არ შეუდგენია და ცალკე არჩევნები არ ჩაუტარებია. ეს ოქმები ატვირთულია საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ გვერდზე და დარწმუნებული ვარ, თუ მოინდომებენ და გამოითხოვენ, ადმინისტრაცია უარს არ ეტყვის", — განაცხადა მან.

ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ მონაცემში, უბნების 8%-ში დისბალანსში არის უხეში შეცდომა და მოუწოდებს ორგანიზაციას, წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა.