გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ინგლისში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დააფიქსირეს, რომელიც სწრაფ გავრცელებასთან კორელაციაშია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC აქვეყნებს.

ჰენკოკის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უკვე ინფორმირებულია და ამჟამად საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

მეთ ჰენკოკის თქმით, გასულ კვირას ლონდონში, კენტში, ესექსსა და ჰერტფორდშირში შემთხვევების სწრაფი ზრდა შენიშნეს. კორონავირუსის ახალი ვერსიით 1 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ვირუსი განსაკუთრებით ინგლისის სამხრეთ რეგიონებშია გავრცელებული.

"აუცილებელია მივიღოთ სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილებები, რათა ეს დაავადება იქამდე გავაკონტროლოთ, სანამ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება", – აცხადებს ჰენკოკი.

ჯერჯერობით არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ ვირუსის ახალი ვარიაცია უფრო სერიოზულ გართულებებს იწვევს ან — ვაქცინის ეფექტურობას საფრთხეს შეუქმნის.

ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი, ალან მაკნალი აცხადებს, რომ ლაბორატორიებმა ახალი ვარიანტი რამდენიმე კვირის წინ დააფიქსირეს.

"ამ ვარიანტის გამოსაკვლევად და დასახასიათებლად შეუჩერებლად მიმდინარეობს მუშაობა. რაციონალური და მშვიდი განწყობა უნდა შევინარჩუნოთ. ვირუსის ევოლუცია მოსალოდნელი პროცესია და გასაკვირი არაა, რომ დროთა განმავლობაში ახალი ვარიანტები აღმოცენდება", — აცხადებს პროფესორი.

BBC-ის ჯანმრთელობისა და მეცნიერების კორესპონდენტის, ჯეიმს გალაჰერის თქმით, მნიშვნელოვანია, რამდენად ცვლის მუტაცია ვირუსის ქცევას.

პროფესორი ჯონათან ბოლი, რომელიც ნოტინგემის უნივერსიტეტში მოლეკულურ ვირუსოლოგიას ასწავლის, ამბობს, რომ ვირუსის ყველა ცვლილება საგანგაშო არაა. ზოგიერთი ცვლილება ვირუსს უპირატესობას აძლევს — უფრო სწრაფად გადამდებად აქცევს ან ვაქცინისთვის ან წამლებისთვის თავის დაღწევას უადვილებს. ზოგ შემთხვევაში კი, ეფექტი თითქმის არ იგრძნობა.

"მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიაცია დავაფიქსირეთ და ის ბრიტანეთის სხვადასხვა რეგიონში ვრცელდება, შეიძლება ეს უბრალო დამთხვევა იყოს", — აცხადებს პროფესორი.

ჯერჯერობით მეცნიერები იმის გარკვევაზე მუშაობენ, როგორ შეცვლის ვირუსის ახალი მუტაცია კორონავირუსის გავრცელებას ქვეყანაში.